პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, აშშ-ში მისი ვიზიტი ძალიან შედეგიანი იყო და "დისკუსია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ძალიან მალე ძალიან პოზიტიურად დასრულდება".
თალაკვაძის თქმით, შესაძლოა მისი ვიზიტის დადებითი შედეგები 1 ან 2 კვირაში არ გამოჩნდეს, თუმცა, უახლოეს მომავალში ეს ყველასთვის ცხადი გახდება.
"ძალიან ცოტა დაგვჭირდება ლოდინი იმისთვის, რომ ამ რიტორიკას, რომელიც იყო წინა თვეების განმავლობაში და დისკუსია, რომელსაც ვხედავთ, ძალიან მალე დასრულდება ძალიან პოზიტიურად.
ჩვენ ამერიკელ კოლეგებთან პირდაპირ გვქონდა საუბარი ჩვენს გეგმებსა და გადაწყვეტილებებზე, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით, მათ შორის, ოპოზიციასთან დიალოგის შესახებ. პირდაპირ გეტყვით, მათი დახმარებით ჩვენ შევძლებთ ამ პროცესების ბოლომდე მიყვანას და შევძლებთ გადაწყვეტილების განხორციელებას, რომელიც განმუხტავს არსებულ სიტუაციას და დამიჯერეთ, ოპოზიცია, რომელიც ამ დღეებში ერთის მხრივ, აცხადებს, ნებისმიერი სისტემით მოვიგებთო და მეორეს მხრივ, არ ვეთანხმებით 100/50-ზეო/თუ ნებისმიერი სისტემით იგებენ, მაშინ გაუგებარია, რატომ არ ეთანხმებიან უკეთეს სისტემას, ვიდრე არის დღევანდელი.
ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი შეთავაზება არის კომპრომისული და სამართლიანი. 100/50-ს ვგულისხმობ. ოპოზიციამ, როგორც ჩანს, იჩქარა და ძალიან ნაჩქარები განცხადება გააკეთა, რომ გადის დიალოგიდან. დღეს, ამ მომენტისთვის, როცა მე და თქვენ ვსაუბრობთ, მოცემულობა არის ასეთი. აშშ და ქართული ოცნება მხარს უჭერს დიალოგს და ოპოზიციის ეს ნაწილი გადის დიალოგიდან.
ამერიკელები ხედავენ, რომ ეს ვარიანტი ჩვენი მხრიდან კომპრომისულია", - თქვა თალაკვაძემ.
საქართველოს მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც 10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას დამატებით 3 წლით და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა საქმეზე, რომელზეც სასჯელი ერთხელ უკვე მოხდილი აქვს.
ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, ამით ხელისუფლებამ დიალოგის რესურსი ამოწურა.
თუმცა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტლებამდე, რამდენიმე საათის განმავლობაში, ოპოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის კომპრომისული ვარიანტის შეთავაზებას გეგმავდა - ისინი ფიქრობდნენ, რომ მმართველ გუნდს მანდატების ასე განაწილებას შესთავაზებდნენ - 130 მანდატი პროპორციული წესით, 20 მანდატი - მაჟორიტარულით. ან 135 მანდატი პროპორციული წესით, 15 მანდატი - მაჟორიტარულით.
მანდატების 100/50-ზე განაწილება ხელისუფლებამ ოპოზიციას 2019 წლის 20 დეკემბერს, მოლაპარაკების მე-4 რაუნდზე შესთავაზა. ოპოზიციამ მასზე უარი თქვა.
მოლაპარაკებები და საარჩევნო სისტემის შესახებ დისკუსია მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წლის 14 ნოემბერს ქარულმა ოცნებამ ბიძინა ივანიშვილის მიერ 24 ივნისს გაცემული დაპირება უკან წაიღო და 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო.
გადაწყვეტილებას მოქალაქეების და ოპოზიციის საპროტესტო აქციები, ასევე, დასავლელი პარტნიორების კრიტიკული წერილები მოჰყვა.





