აუდიტის ანგარიში

აუდიტი: ზუგდიდის მერიის მიერ სოციალულრად დაუცველებისთვის აშენებულ სახლებში არავინ ცხოვრობს

მთავარი არხი

აუდიტის სამსახურის დასკვნით, ზუგდიდის მერიის მიერ სოციალურად დაუცველებისთვის აშენებულ სახლებში არავინ ცხოვრობს.

აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2017-2018 წლებში ზუგდიდის მერია უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ადამიანებისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფით პროგრამას ახორციელებდა.

პროგრამა სოციალურად დაუცველი ადამიანების მოძებნას და მათთვის საკუთარ ეზოში სახლის აშენებას ითვალისწინებდა.

პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტმა 47 სახლის მშენებლობა დააფინანსა, ღირებულებით 995.8 ათასი ლარი.

აღმოჩნდა, რომ მიუხედავად მუნიციპალიტეტის განმარტებისა, რომ პროგრამა ხორციელდება იმ ადამიანებისთვის, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება, თუმცა, სოფლებში კახათი, ცაიში და ჭითაწყარი პროგრამის ფარგლებში აშენებული სახლები დაკეტილია და საცხოვრებლად არ გამოიყენება.

"მინდოდა შესვლა, მაგრამ ის სახლი არ არის გადმოფორმებული ჩემს სახელზე. მიწა არის, მაგრამ სახლი არ არის, ამის გამო დენი ვერ შემოვიყვანე. ელექტროენერგიის და წყლის გარეშე როგორ ვიცხოვრო იქ, პატარა, 4 წლის ბავშვი მყავს", - უთხრა მოქალაქემ მთავარ არხს.

აუდიტის სამსახური ასკვნის, რომ მუნიციპალიტეტმა ვერ გამოავლინა შესაბამისი ოჯახები. აღნიშნული დაკეტილი სახლების მშენებლობაზე 50 ათასი ლარი დაიხარჯა, რაც, ფაქტობრივად, არაეფექტიანი ხარჯია.

სოფლებში: ორსანტია, შამადელა და კოკი სამუშაოების ნაწილი არ შესრულებულა.

47-დან 2 სახლის მშენებლობა შეწყვეტილია. 17 სახლის მშენებლობა შესრულებულია ხარვეზებით. კერძოდ, მუნიციპალიტეტმა ზოგიერთი სახლისთვის ჩაიბარა შეუსრულებელი ან არასათანადოდ შესრულებული სამუშაოები და გასცა მოთხოვნილი დაფინანსება.

კომენტარები