აუდიტის ანგარიში

ბიუჯეტის არაეფექტური ხარჯვა და სხვა დარღვევები მარნეულის მუნიციპალიტეტში - აუდიტის დასკვნა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი/ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017-18 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც არაერთი დარღვევა გამოვლინდა. 

კერძოდ, აუდიტის დასკვნის მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტი სოფლის მოსახლეობას წყლით მის მიერ დაფუძნებული შპს "მარნეულის სოფწყალის" მეშვეობით ამარაგებს, რომელსაც სოფლის წყალმომარაგების მიზნით იჯარით აქვს აღებული სატუმბი სადგური, რისი საიჯარო ღირებულებაც წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდება. აუდიტის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტის და შპს-ს ხელმძღვანელი პირები არ ან ვერ მოქმედებდნენ მუნიციპალიტეტის ინტერესების გათვალისწინებით, რის შედეგადაც მუნიციპალიტეტს დიდი ოდენობის ფინანსური ზიანი მიადგა. 

"მარნეულის სოფწყალი" მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი ერთადერთი შპს სულაც არ არის, რომელზეც აუდიტის სამსახურმა არაეფექტური ხარჯვა დაადგინა. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ შპს-ის, "ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო", მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსია გახარჯული. როგორც აუდიტის დასკვნაში წერია, მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები შპს-ს საქმიანობის სარგებლიანობის შესახებ, ასევე ვერ წარმოადგინა ის, თუ რა აუცილებელი საჭიროებებით იყო განპირობებული მსგავსი შპს-ს შექმნა, შესაბამისად, მასზე დიდი ოდენობით გახარჯული საბიუჯეტო სახსრები წარმოადგენს არაეფექტიან ხარჯს. 

აუდიტის დასკვნაში მუნიციპალიტეტის ქონების არაპროდუქტიულად განკარგვაზეც არის საუბარი. კერძოდ, დასკვნის მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტს იჯარით, შესაბამისი დასაბუთების გარეშე, პირდაპირი განკარგვის წესით, საბაზროზე ნაკლები ღირებულებით სხვადასხვა სახის ობიექტი აქვს გაცემული. ამასთან, მოიჯარეების ნაწილს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საიჯარო ქირა არ გადაუხდია. 

აუდიტის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტის განუკარგავ ქონების ნაწილს არაუფლებამოსილი პირები უკანონოდ გამოიყენებენ კომერციული საქმიანობისთვის, რაზეც მერიას შესაბამისი რეაგირება არ ჰქონია, რის შედეგადაც მარნეულის მუნიციპალიტეტი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას კარგავს.

აუდიტის ანგარიში პრობლემურად გამოყოფს ტენდერის საკითხსაც. კერძოდ, დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის არაკვალიფიციურმა გადაწყვეტილებამ ნაპირსამაგრი სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერის შეწყვეტა გამოიწვია, ხოლო ხელმეორედ გამოცხადებულ ტენდერში ხელშეკრულება ისეთ კომპანიას გაუფორმდა, რომელიც იმავე სამუშაოებს უფრო მეტი ღირებულებით ასრულებდა. ამის შედეგად, დასკვნის მიხედვით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი არაეკონომიურად დაიხარჯა. 

ამასთან, აუდიტის დასკვნის მიხედვით, სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას აღემატება. შედეგად, მარნეულის მერიამ მანქანების ექსპლუატაციისას საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვის პრინციპები არ დაიცვა. 

აუდიტის დასკვნის მიხედვითვე, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანმდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები კანონის დარღვევითაა ანაზღაურებული, რაც შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების არწარდგენას გულისხმობს. 

აუდიტის ანგარიშით, 2017-18 წლებში წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლიდან თანხების გამოყოფა მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ბრძანებების საფუძველზე ხდებოდა. დასკვნის მიხედვით, ამ პერიოდში თანხები 47 ღონისძიებაზეა გახარჯული, თუმცა დოკუმენტებში სტუმრებისა და მასპინძლების ოდენობა განსაზღვრული არ არის. გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, რით შემთხვევებში პირთა რაოდენობაც არ არის მითითებული. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მიერ წარმომადგენლობით ღონისძიებებზე გაწეული ხარჯები დოკუმენტურად სათანადოდ არ არის დასაბუთებული. 

ანგარიშში ასევე წერია, რომ 2017-18 წლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონალურ განვითარების სააგენტოს" გრანტის სახით ფინანსური რესურსი გადაეცა, თუმცა მერიამ ვერ წარადგინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა აქტივობები განახორციელა ამ ა(ა)იპ-მა და შედეგად, რა სარგებელი მიიღო მუნიციპალიტეტმა.

კომენტარები