20 ივნისის საქმეზე დაკავებულები

სასამართლომ 20 ივნისს დაკავებული თამლიანი, ბუდაღაშვილი და სხვები პატიმრობაში დატოვა

ტბელ აბუსერიძე

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისს დაკავებულები პატიმრობაში დატოვა.

ბესიკ თამლიანის, კახაბერ კუპრეიშვილის, ცოტნე სოსელიასა და ზურაბ ბუდაღაშვილის ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა არ დააკმაყოფილა.

ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ახლად გამოვლენილი არსებითი გარემოება არ ყოფილა და ამიტომაც უჭერდნენ მხარს აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვებას. პროკურორის თქმით, არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება.

4 პირი 20 ივნისის აქციის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ივლისს დააკავა, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ 20 ივნისის გამოძიება ამბოხის მუხლით გაგრძელდება. 

20-21 ივნისის ღამეს ანტისაოკუპაციო აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 სამოქალაქო პირი, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა.

20 ივნისის აქციის საქმეზე ორი გამოძიებაა დაწყებული. ერთი "ცალკეულ პირებს" ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხებას და პარლამენტის შტურმს ედავება, ხოლო მეორე - აქციის მონაწილეების მიმართ "ცალკეული სამართალდამცველების მხრიდან" ძალის გადამეტების ფაქტებს სწავლობს.

კომენტარები