20 ივნისის საქმეზე დაკავებულები

დეკანოიძე: შსს-ს თანამშრომლებს ენმ-ს წევრების წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს აიძულებენ, მისცენ ცრუ ჩვენება, რომ ენმ-ის წევრები 20 ივნისის ღამეს პოლიციელებზე ძალადობდნენ. ამის შესახებ მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა.  

დეკანოიძის თქმით, ნაციონალურ მოძრაობას გუშინ შსს-ს რამდენიმე თანამშრომელი დაუკავშირდა, მათ შორის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოდან და პირები, რომლებიც იხდიან სავალდებულო სახედრო სამსახურს. ხატია დეკანოიძის თქმით, მათ ცრუ ჩვენების მიცემა აიძულეს. 

"ეს ადამიანები გუშინ აიძულეს, რომ მისულიყვნენ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში და მიეცათ ცრუ ჩვენება, აიძულებდნენ, რომ მიეცათ ყალბი ჩვენება კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ. მათ აჩვენეს ფოტოსურათები, რომლებზეც გამოსახულნი იყვნენ ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია და ნაციონალური მოძრაობის აქტიური წევრები: ბესიკ გაზდელიანი და ჯემალ სეფიაშვილი," - თქვა ხატია დეკანოიძემ.  

დეკანოიძის თქმით, მათ აიძულებდნენ, რომ სურათზე გამოსახული პირების წინააღმდეგ ხელი მოეწერათ ცრუ ბრალდებებზე და დაედასტურებინათ, რომ ეს ადამიანები ძალადობდნენ პოლიციელებზე.  

20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით 19 პირია დაკავებული.

კომენტარები