ჩინეთში კორონავირუსით 121 ადამიანი გარდაიცვალა, დაფიქსირდა ინფიცირების 4,823 ახალი შემთხვევა

Reuters

ჩინეთში ახალი კორონავირუსის შედეგად 121 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 116 შემთხვევა ჰუბეის პროვინციაში გამოვლინდა. აღირიცხა ინფიცირების 4,823 ახალი შემთხვევა.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, საერთო ჯამში, 1380 ადამიანი გარდაიცვალა.

გაიზარდა ვირუსით დაავადებულთა რიცხვიც. ამ დროის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 51,986 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირების 99% ჩინეთში ფიქსირდება.

ახალმა კორონავირუსმა კონტინენტური ჩინეთის საზღვრებს გარეთ, ტაილანდსა და ჰონგ-კონგში 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ასევე ვირუსითგარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა იაპონიაშიც. სულ მცირე 25 ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა.

_____________________________________________________________________________________

კორონავირუსი სასუნთქი გზების ინფექციას, სუნთქვის გართულებას და მაღალ სიცხეს იწვევს. ჯერჯერობით, ვირუსთან საბრძოლველად ვაქცინა ან წამალი არ არსებობს.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რისკი კვლავ დაბალია, ქვეყანა "მწვანე ზონაში" რჩება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ამ დრომდე ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

ახალი ვირუსი ჩინეთში, ქალაქ ვუხანში თავდაპირველად გასული წლის დეკემბრის დასაწყისში შენიშნეს. 7 იანვარს დადასტურდა, რომ ახალი ტიპის ვირუსი აღმოაჩინეს.

ახალი ვირუსის სახელია 2019-nCoV. ცნობილია, რომ ის კორონავირუსის ოჯახთა ჯგუფს მიეკუთვნება. ახალი კორონავირუსის ჩათვლით ამჟამად 7 ტიპის კორონავირუსი არსებობს, რომლებსაც ადამიანის დაავადება შეუძლიათ. აქედან ალფა და ბეტა ტიპის კორონავირუსები ყველაზე გავრცელებულია.

არაერთმა ქვეყანამ ჩინეთში პირდაპირი ფრენები შეაჩერა, მათ შორისაა საქართველო. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა და იაპონიამ ვირუსის ეპიცენტრიდან, ქალაქ ვუხანიდან თავიანთი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია მოახდინა.

30 იანვარს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები