საქართველო-ევროკავშირი

თალაკვაძე: დეკლარაციის საკითხი საყურადღებოა, პარტნიორებთან მუშაობას გავაგრძელებთ

"დეკლარაციის საკითხი ვერ შეცვლის, რა თქმა უნდა, საქართველოს ევროპულ არჩევანს და ევროპულ გზას," - პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომას ეხმაურება, სადაც ერთობლივი განცხადების ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.

თალაკვაძე ამბობს, რომ საკითხი საყურადღებოა და მეგობრებთან და პარტნიორებთან მუშაობას და თანამშრომლობას გააგრძელებენ. 

"ნებისმიერ საკითხზე ჩვენ გვექნება გახსნილი თანამშრომლობა. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ შევხვდებით არჩევნებში. ვინაიდან საარჩევნო წელია, ჩვენთვის დღეს მთავარი ამოცანა არის ვიმუშაოთ ჩვენს საზოგადოებასთან, მოქალაქეებთან და მოვემზადოთ არჩევნებისთვის. რა თქმა უნდა, მოსალოდნელიც იყო, რომ საარჩევნო წელი იქნებოდა დაძაბული," - ამბობს თალაკვაძე. 

გუშინ, 13 თებერვალს სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ერთობლივი განცხადების ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.

ევროპარლამენტის დასავლელი დეპუტატებისთვის და ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მიუღებელი იყო ქართული ოცნების მიერ მომზადებული სამუშაო დოკუმენტი, ამიტომ კომიტეტს შესწორებები შესთავაზა, რომელსაც, თავის მხრივ, ქართულმა ოცნებამ არ დაუჭირა მხარი.

ევროპული საქართველოს წევრი, ოთარ კახიძე, რომელიც ევროპარლამენტში საქართველოს დელეგაციის წევრია, ყვება, რომ ტექსტი, რომელიც ასოცირების კომიტეტის სხდომების დასრულების შემდეგ ქართული ოცნების მხარემ შეიმუშავა, სრულად იქნა უარყოფილი, ვინაიდან მასში საერთოდ არ იყო ნახსენები საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, საუბარი იყო პროგრესზე დემოკრატიის თვალსაზრისით და აღნიშნული იყო, რომ ამ მიმართულებით მხოლოდ უმნიშვნელო გამოწვევებია.

კომენტარები