რუსული ოკუპაცია

ახალგორელ მოსწავლეებს და სკოლის პერსონალს ქართულ ენაზე საუბარი ეკრძალებათ

RFE/RL

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას მშობლიურ ენაზე სწავლის უფლება ეზღუდება. 

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ უკანასკნელ პერიოდში, ახალგორში ორი ქართული სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლებულთა შორის არიან: ახალგორის პირველი საშუალო სკოლის დირექტორი ნინო ამირანაშვილი და სოფელ იკოთის საშუალო სკოლის დირექტორი მზია ფსუტური.

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ახალგორის პირველი საშუალო სკოლის დირექტორმა გათავისუფლებამდე შენიშვნა მიიღო დაწყებით კლასებში ქართულ ენაზე მოსაუბრე მოსწავლეების და მასწავლებლების გამო. დირექტორი გააფრთხილეს, რომ ბავშვებმა შესვენებაზეც კი არ უნდა ისაუბრონ ქართულად იმ ბავშვებთან, რომელთა კლასებიც ჯერ ისევ ქართულ ენაზე სწავლობენ. კითხვის ნიშნებს ბადებს ამავე პერიოდში მეორე ქართული სკოლის დირექტორის - მზია ფსუტურის გათავისუფლებაც", - ამბობენ ორგანიზაციაში.

მათივე ინფორმაციით, საოკუპაციო ძალები აღნიშნულ გათავისუფლებებს ნინო ამირანაშვილთან დაკავშირებით წეროვანიდან გადმოსული მოსწავლეების საჭირო დოკუმენტაციის გარეშე გაფორმებას, ხოლო მზია ფსუტურის შემთხვევაში, "პედაგოგიური განათლების უქონლობას" უკავშირებენ.

"ახალგორის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული ენის აკრძალვა, ბოლო წლებში, საგანგაშო სახეს იძენს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ცხინვალიდან ახალგორში ჩასულმა ე.წ. საგანმანათლებლო კომისიამ მსგავსი გაფრთხილებები მისცა თითქმის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას. ქართულ ენაზე საუბარი აუკრძალეს მასწავლებლებს და მომსახურე პერსონალს არა მხოლოდ ბავშვებთან, არამედ ერთმანეთთანაც", - ამბობენ ორგანიზაციაში.

DRI საუბრობს ახალგორის იზოლაციის პროცესზეც. ორგანიზაციის ინფორმაციით, მოსაბრუნის ე.წ. გადასასვლელის ჩაკეტვის შემდეგ, ახალგორის სკოლების რამდენიმე მასწავლებელი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა ვერ მოახერხა, რამაც კიდევ უფრო გაართულა ქართველი მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი. 

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიუთითებს, რომ განათლების უფლება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლებაა და ის განმტკიცებულია როგორც გაეროს, ასევე ევროსაბჭოს შესასრულებლად სავალდებულო ხელშეკრულებებით.

"მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია არ აკონკრეტებს, რომელ ენაზე უნდა მიმდინარეობდეს სწავლება, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს განმარტებით, განათლების უფლებას აზრი დაეკარგებოდა, მისით მოსარგებლეებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება რომ არ ქონდეთ", - აღნიშნავენ ორგანიზაციაშიაში.

DRI მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების დარღვევის შესახებ საკითხი უნდა დააყენოს ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე და უზრუნველყოს აღნიშნული საკითხის განხილვა როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, ისე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. ამასთანავე, გამოიყენოს სამართლებრივი მექანიზმები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა.

კომენტარები