რაშან ზიადალიევის საქმე

მარნეულელი აქტივისტი რაშან ზიადალიევი ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაამართლა

რაშან ზიადალიევი
GDI

11 თებერვალს მარნეული აქტივისტი რაშან ზიადალიევი, რომელსაც პროკურატურა "პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას" და "პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენებას" ედავებოდა, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე პაატა ფხალაძემ სრულად გაამართლა და ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყვიტა. 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) განცხადებით, რომელიც ზიადალიევის ინტერესებს იცავდა, მოსამართლის ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ზიადალიევს პოლიციის თანამშრომლებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არც მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ჰქონია ადგილი. 

GDI-ის ცნობითვე, სასამართლომ გადაწყვეტილების გამოცხადების დროს განმარტა, რომ პირის იდენტიფიკაციის მიზნით შეჩერება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული საფუძვლითაა შესაძლებელი და რაშან ზიადალიევის შეჩერება მხოლოდ იმიტომ, რომ ის ღამის საათებში მარტო გადაადგილდებოდა, ასეთ საფუძვლად არ მიიჩნია. 

"შესაბამისად, სასამართლოს განმარტებით, პოლიციის მოთხოვნა, რაშან ზიადალიევს მათთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინა, იყო უკანონო, რაც გამორიცხავდა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტს,"- წერს არასამთავრობო ორგანიზაცია. 

GDI-ის ინფორმაციით, სასამართლომ ასევე იმსჯელა ზიადალიევის მხრიდან პოლიციელთათვის შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებაზეც. 

"მოსამართლე პაატა ფხალაძის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა თავისი არსით უტოლდება სისხლისსამართლებრივ ბრალდებას და მასზე ვრცელდება სისხლის სამართლის საქმის პროცედურული სტანდარტები. შესაბამისად, მოსამართლემ ზიადალიევის სამართალდამრღვევად ცნობისთვის ორი პოლიციელის ჩვენება არ მიიჩნია საკმარისად და ყოველგვარი ეჭვი რაშან ზიადალიევის უდანაშაულობის სასარგებლოდ გადაწყვიტა," - წერს ორგანიზაცია. 

მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც მარნეულში ორგანიზაციის "სამართლიანი არჩევნებისთვის" რეგიონული წარმომადგენელია, პოლიციამ 8 თებერვალს სუპერმარკეტიდან გამოსვლის შემდეგ დააკავა მას შემდეგ, რაც მისივე თქმით, მისთვის ფოტოს გადაღება გააპროტესტა. ზიადალიევი მომხდარს მის სამოქალაქო აქტიურობას უკავშირებდა.

კომენტარები