რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი გაამართლა. აბაზოვს ბრალად არაადამიანური მოპყრობა ედებოდა - მან ელჩინ ალახვერდიევს მისი და ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის სახეზე საკუთარი შარდის წასმა აიძულა.
გამამართლებელი განაჩენი დადგა თემურ აბაზოვთან ერთად ბრალდებული სამი პირის მიმართაც.
2018 წლის 12 ივნისს, სტუდია მონიტორმა გაავრცელა ვიდეო, რომლის მიხედვით, მარნეულში მცხოვრები მოქალაქე, რომელმაც ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილის და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის მისამართით შეიგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა. გინების შემდეგ, რამდენიმე დღეში მოქალაქემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ბოდიშს იხდის და სახეზე, სავარაუდოდ, შარდს ისვამს. სხვა ადამიანი, ვისაც კამერა უჭირავს, მას ეუბნება: "შენ ღირსება არ გაქვს".
მარნეულის მერი იმავე წლის 13 ივნისს დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, ამ ინციდენტში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრი აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი პარტია ქართული ოცნებიდან რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი ე.გ და სხვა პირები.
2018 წლის 13 დეკემბერს თემურ აბაზოვს აღკვეთის ღონისძიების სახე შეეცვალა და პატიმრობის ნაცვლად 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ის პატიმრობიდან 7 თვის შემდეგ გაათავისუფლეს.
მოგვიანებით კი ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტადაც დანიშნეს.