კობახიძის და კალაძის ვიზიტი სტრასბურგში

"კითხვები იქნება და მას პასუხებიც მოჰყვება" - კალაძე და კობახიძე სტრასბურგში ჩავიდნენ

თბილისის მერი, კახა კალაძე და "ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი კობახიძე, სტრასბურგში ჩავიდნენ და ევროპარლამენტარებთან შეხვედრების გამართვას აპირებენ.

"ქართული ოცნების" წევრები სტრასბურგში 13 თებერვლამდე დარჩებიან.

კახა კალაძის თქმით, ისინი შეხევდრებს გამართავენ ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციისა და კომიტეტის წევრებთან და ინფორმაციას მიაწვდიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

"მგონია, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი ჩამოსვლა იმ თვალსაზრისით, რომ გვექნება შეხვედრები ევროპარლამენტის წევრებთან, სხვადასხვა ფრაქციის და კომიტეტის წარმომადგენლებთან და ჩვენ, რა თქმა უნდა, მივაწვდით ყველანაირ სრულყოფილ ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, იმ რეფორმებზე რომელიც ხორციელდება ქვეყანაში", - თქვა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ასევე თქვა, რომ შეხვედრებზე ევროპარლამენტარებისგან შეკითხვებს ელოდება, თუმცა მისივე თქმით, ამას პასუხებიც მოჰყვება.

"ცხადია, კითხვები იქნება და მას პასუხებიც მოჰყვება. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შევეცდებით, სრულყოფილი პასუხები გავცეთ. ძალიან დიდი ყურადღებაა არჩევნებთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩატარდება და როგორი იქნება საარჩევნო გარემო. მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნები აუცილებლად ჩატარდება მშვიდობიან გარემოში და აუცილებლად იქნება გამჭვირვალე", - თქვა თბილისის მერმა.

10 თებერვალს, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას ე.წ. ფონდის საქმეზე 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციამ ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემებზე მოლაპარაკებებზე უარი თქვა.

დღეს, ოპოზიციური პარტიების ერთმანეთთან კონსულტაციების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 4 აპრილს, 16:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება. გარდა ამისა, აქციის გამართვამდე ოპოზიციური პარტიები საჯარო შენობების პიკეტირებასაც მოახდენენ და ასევე, რეგიონებში შეხვედრებს გამართავენ მოსახლეობასთან.

კომენტარები