ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა, გამოვლინდა დაავადების 42,638 შემთხვევა

Reuters

გუშინ, 10 თებერვალს, ჩინეთმა ვირუსით გარდაცვალების 108 ახალი შემთხვევა დაადასტურა. ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა კი 1000-ს გადააჭარბა.

გაზრდილია ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვიც. ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 42,638 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ახალმა კორონავირუსმა კონტინენტური ჩინეთის საზღვრებს გარეთ, ტაილანდსა და ჰონგ-კონგში 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

სულ მცირე 25 ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა.

კორონავირუსი სასუნთქი გზების ინფექციას, სუნთქვის გართულებას და მაღალ სიცხეს იწვევს. ჯერჯერობით, ვირუსთან საბრძოლველად ვაქცინა ან წამალი არ არსებობს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რისკი კვლავ დაბალია. მისივე თქმით, ქვეყანაში ამ დრომდე ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

ახალი ვირუსი ჩინეთში, ქალაქ ვუხანში თავდაპირველად გასული წლის დეკემბრის დასაწყისში შენიშნეს. 7 იანვარს დადასტურდა, რომ ახალი ტიპის ვირუსი აღმოაჩინეს.

ახალი ვირუსის სახელია 2019-nCoV. ცნობილია, რომ ის კორონავირუსის ოჯახთა ჯგუფს მიეკუთვნება. ახალი კორონავირუსის ჩათვლით ამჟამად 7 ტიპის კორონავირუსი არსებობს, რომლებსაც ადამიანის დაავადება შეუძლიათ. აქედან ალფა და ბეტა ტიპის კორონავირუსები ყველაზე გავრცელებულია.

არაერთმა ქვეყანამ ჩინეთში პირდაპირი ფრენები შეაჩერა, მათ შორისაა საქართველო. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა და იაპონიამ ვირუსის ეპიცენტრიდან, ქალაქ ვუხანიდან თავიანთი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია მოახდინა.

30 იანვარს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები