გიგი უგულავას დაკავება

ბასილაია უგულავას დაკავებაზე: სასამართლომ შეასრულა ბიძინა ივანიშვილის შეკვეთა

ტაბულა

"როგორც ვვარაუდობდით, სასამართლომ მიიღო პოლიტიზირებული, სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, შეასრულა ბიძინა ივანიშვილის შეკვეთა"- ამბობს ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია. 

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას ბრალი გადაუკვალიფიცირა და თბილისის ყოფილ მერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საკასაციო სასამართლომ გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვაში ცნო დამნაშავედ. ამნისტიის შესახებ კანონის და იმის გამო, რომ უგულავა ციხეში უკვე იჯდა, მას საბოლოო სასჯელად 3 წლით, 2 თვით და 8 დღით პატიმრობა განესაზღვრა.

"ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს საქმე განიხილა იმ მოსამართლემ, რომელიც გენერალური პროკურორი იყო ამ საქმის სააპელაციო განხილვისას და საკასაციო საჩივრის მომზადებისას, ეს ნიშნავს იმას, რომ გიგი გაასამართლა გენერალურმა პროკურორმა. ამის შემდეგ რაღაც სამართლიან სასამართლოზე, ობიექტურ მართლმსაჯულებაზე, კანონიერების პრინციპზე და ა.შ. საკითხებს წერტილი აქვს დასმული ამ ქვეყანაში" - ამბობს ბასილაია. 

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა დაჭერები 2 თვის წინ დააანონსა და პირველი მსხვერპლი გიგი უგულავაა. ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოს მიმდინარე პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების განხილვისას ნდობა არ ექნება, რადგან მოსამართლეები არიან "მანტიამოსხმული ჯალათები", ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი დავალების შემსრულებლები და "სამარცხვინო ჯამბაზები". 

"ბიძინა ივანიშვილს ძალიან ძვირი სამართლებრივი ფასი დაუჯდება, პოლიტიკურზე რომ არაფერი არ ვთქვათ" - ამბობს ადვოკატი და აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ. 

პროკურატურა უგულავას მისი მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.

2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და როგორც საქალაქო სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ უგულავას სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა.

უზენაეს სასამართლოში საქმის წარმოება მას შემდეგ განახლდა, რაც აქ ახალი, უვადო მოსამართლეები დაინიშნნენ. უგულავას საქმეს სწორედ ახლადდანიშნული მოსამართლეები - ყოფილი მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძე, ასევე ლალი ფაფიაშვილი და მერაბ გაბინაშვილი განიხილავდნენ. ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ნაწილი ამბობდა, რომ ისინი ე.წ კლანის წევრი მოსამართლეები არიან, რომლებიც ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

2019 წლის 28 ნოემბერს იმედის ეთერში ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციის წევრებზე თქვა, რომ "ზოგი წლობით იხდის სასჯელს და კიდევ ბევრს მოუწევს მოხდა". ქართული ოცნების ლიდერის ეს მუქარა ამერიკელი სენატორების და კონგრესმენების წერილებში შეშფოთებით აღინიშნა, როგორც ოპონენტების პოლიტიკური დევნა.

6 თებერვალს ბექა ბასილაიამ მოსამართლე შალვა თადუმაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რადგან უგულავას წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოში ამ საქმის მიმდინარეობისას და ასევე საკასაციო საჩივრის მომზადების დროს მოსამართლე თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა. თუმცა, თადუმაძე საქმეს არ ჩამოშორდა.

გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს დაუსწრებლად გამოიტანა.

კომენტარები