ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბოკუჩავა სააკაშვილის განცხადებაზე: წინა ხელისუფლებიდან ყველას თავისი პასუხისმგებლობა აქვს

ენმ-ის დეპუტატის, თინა ბოკუჩავას აზრით, წინა ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა როგორც "გადაცდომებზე, ისე ივანიშვილის მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების საკითხზე".

ენმ-ის დეპუტატს ტაბულამ ჰკითხა, ეთანხმება თუ არა მიხეილ სააკაშვილს იმ განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, "რომ არა ვანოს შეცდომები და სისტემის გადაცდომები, ივანიშვილს ქვეყნის ხელში ჩაგდება გაუჭირდებოდა"

"ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს წინა ხელისუფლებიდან და აიღეს კიდეც პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როცა არჩევნების გზით გადააბარეს ხელისუფლება ივანიშვილს, თუმცა, ივანიშვილმა ის დიდი შესაძლებლობა, რომელიც მას მიეცა, ხელიდან გაუშვა", - თქვა ბოკუჩავამ.

9 თებერვალს მთავარ არხთან ინტევიუში ექსპრეზიდენტმა განაცხადა:

"მშვენივრად ვხედავ იმ შეცდომებსაც, რაც დაუშვა ვანომ [მერაბიშვილმა]. ვხედავ იმ გადაცდომებსაც, რაც დაუშვეს მაშინ ამ სისტემებში და მინდა ვთქვა, რომ არა ეს გადაცდომები, შედარებით გაუძნელდებოდა ივანიშვილს, ჩაეგდო ჩვენი ქვეყანა ხელში, ყველას კუთვნილი ქვეყანა ექცია პირად ლუკმად"

კითხვაზე, აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს თავისი წილი პასუხისმგებლობა, დეპუტატი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ "ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს".

ექსპრემიერი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებას 20 თებერვალს დატოვებს.

კითხვაზე, ელიან თუ არა მერაბიშვილს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, ბოკუჩავა პასუხობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, ვინაიდან ამ საკითხის განხილვა არც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომებზე და არც სამდივნოების შეხვედრის ფარგლებში არ მომხდარა.

ტაბულამ ნაციონალური მოძრაობის წევრს ისიც ჰკითხა, არის თუ არა სამართლიანი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ვანო მერაბიშვილის მიმართ მსგავსი კომენტარების გაკეთება, როცა სააკაშვილი ქვეყნიდან არის წასული, მერაბიშვილი კი 7 წელია, ციხეში ზის და თანამედროვე ტექნოლოგიებს ჩამორჩენილია.

ბოკუჩავამ კითხვას პირდაპირ არ უპასუხა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან საკუთარი სურვილით არ წასულა. მისივე განცხადებით, სააკაშვილის ინტერვიუ არ უნახავს და მხოლოდ ჟურნალისტის მოყვანილი ციტატებით აკეთებს დასკვნებს.

"მთავარი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ის ადამიანი, ვისაც თქვენ ახსენებთ [მერაბიშვილი] და სხვებიც [ნიკა მელია, გიგი უგულავა], არიან პოლიტიკური დევნის მსხვერპლნი და ამოსავალი წერტილი ეს უნდა იყოს. რატომ არიან ეს ადამიანები ამ პირობებში, იმიტომ არიან, რომ გვყავს ივანიშვილი, რომელიც ერთობლივი ძალებით და მაქსიმალური კოორდინაციით და არა ერთმანეთზე სიტყვებზე გამოკიდებით უნდა დავამარცხოთ. ამისკენ არის მიმართული ის შეხვედრაც, რომელიც დღეს არის დანიშნული ლებორისტების ოფისში", - თქვა ბოკუჩავამ.

კომენტარები