გიორგი რურუას საქმე

ხუნდაძე რურუაზე: ენმ-ის მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე საუბარი უხერხულია, ვიდეო არ მინახავს

მმართველი გუნდის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ არ უნახავს კადრები, რომლებიც გიორგი რურუას დნმ-ის ნიმუშების ძალის გამოყენებით აღებას ასახავს. ხუნდაძის თქმით, ის პოლიტიკოსია, რურუას მიმართ შესაძლო გადაცდომები კი - სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივა.

"ოპოზიციის მხრიდან, მით უმეტეს, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე საუბარი, მინიმუმ, უხერხულია. ვიდეო არ მინახავს, მე არ ვარ არც ადვოკატი, არც პროკურორი, არც გამომძიებელი, არც მოსამართლე მე ვარ პოლიტიკოსი. პროცესები, რომელიც ეხება დანაშაულს, არის სამართალდამცავი ორგანოების გამოსაძიებელი და შემდეგ საბოლოო განაჩენი არის სასამართლოს პრეროგატივა",- თქვა ხუნდაძემ.

9 თებერვალს მთავარმა არხმა ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც ჩანს, რომ გამოძიებამ რურუას საკნიდან დნმ-ის ნიმუში ძალის გამოყენებით ამოიღო. ასევე, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებში არ ჩანს, რომ გამომძიებლები ოქმს ავსებენ, რაც ადასტურებს, რომ გამოძიებამ კანონი დაარღვია.

რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ეს უმნიშვნელოვანესი დარღვევაა, ვინაიდან პოლიციელებს არ აქვთ უფლება, დაცვის მხარის გარეშე ჩაატარონ საგამოძიებო მოქმედებები. ამასთან, საძაგლიშვილის თქმით, გამოძიება მათ სხვა დროზე შეუთანხმდა და მოტყუებით აიღო დნმ-ის ნიმუშები.

გიორგი რურუა, რომელიც ბრალს არ აღიარებს, 18 ნოემბერს აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მის საქმეს კიდევ ერთი მუხლი - სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან რურუამ სასამართლოს განჩინების მიხედვით, დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე უარი განაცხადა.

31 დეკემბერს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. ეს პროკურატურის მოთხოვნა იყო, რომლის არგუმენტსაც რურუას მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და მოწმეებზე გავლენის მოხდენა ან გამოძიებისთვის ხელის შეშლის რისკი წარმოადგენდა.

რურუას ადვოკატი კი ამბობდა, რომ დაკავების დროს მას არც მიმალვა უცდია და არც მოწმეებზე ზემოქმედება.

მთავარი არხის მეწილეობასთან ერთად, გიორგი რურუა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან იყო დაკავშირებული და მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურ დახმარებასაც უწევდა.

კომენტარები