მიხეილ სააკაშვილი

ვოლსკი სააკაშვილის მიმართვაზე: არაერთი შტაბი შეიქმნა, მნიშვნელობა არ აქვს, სად ისხდებიან

ტაბულა

"შტაბი არაერთი შეიქმნა, ზოგი მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში შეიძლება შეიკრიბოს და იგივე ხალხი ლეიბორისტების, შალვა ნათელაშვილის შტაბბინაში იკრიბება. ეს ხალხი სად დაჯდება ფიზიკურად, მნიშვნელობა არ აქვს",-ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცესპიკერი, გიორგი ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის მიმართვას, რომ რომ პირველი მარტიდან საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ბაზაზე "საკუთარ შტაბს" ხსნის.   

ვოლსკის თქმით, ქვეყანაში დემოკრატიაა და ოპოზიციის წარმომადგენლები "შეიკრიბებიან, შტაბებსაც შექმნიან."

"ცუდია ის, თუ ახალგაზრდები, რომლებსაც ემოციური კავშირი არ აქვთ იმ მძიმე პერიოდთან, რაც სააკაშვილის დროს გადაიტანა საქართველომ, იქნებიან ამ პროცესის მინაწილე ისე, რომ სრული ინფორმაცია არ ექნებათ",-ამბობს ვოლსკი. 

გუშინ, 7 თებერვალს, მიხეილ სააკაშვილმა "საკუთარი შტაბის" გახსნის შესახებ ვიდეომიმართვა გაავრცელა და "კიდევ უფრო ფართო კონსულტაციების" სურვილი გამოთქვა. "ყველას გელოდებით ჩემთან" - თქვა მან. 

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიციურ პარტიებს აქვთ კონკრეტული გეგმა, პროპორციული არჩევნების თაობაზე შეხვედრები ლეიბორისტული პარტიის ოფისში იმართება და ეს ასეც გაგრძელდება. მისივე თქმით, სააკაშვილი მას ან ევროპული საქართველოს სხვა ლიდერებს არ დაკავშირებია. 

"პირველი მარტიდან, 'სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის' ბაზაზე, მე ვხსნი ჩემს შტაბს, პირად შტაბს, რომელიც ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშე, შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა," - ამბობს სააკაშვილი მიმართვაში.

კომენტარები