ენმ

სააკაშვილის განცხადებები და სხვა მიზეზები - ჩიორა თაქთაქიშვილმა ენმ დატოვა

ორი მოწვევის პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გუნდი დატოვა. 

პარტიის დატოვების შესახებ გავრცელებულ განცხადებაში თაქთაქიშვილი წერს, რომ მას აწუხებს ის, რომ ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრებს შორის არც ისე ბევრი თანამოაზრე დარჩა. 

თაქთაქიშვილის თქმით, მისთვის ძალიან მტკივნეულია, როდესაც პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აკეთებს ქსენოფობიურ განცხადებებს და პარტიის არცერთი ლიდერი განსხვავებულ პოზიციას არ აფიქსირებს. 

"საშინლად მტკივნეულია, როდესაც ჩემივე პარტიაში ნორმად იქცა ხშირი კომპრომისი იდეალებისა და ღირებულებების ხარჯზე, რაც აისახება საკადრო პოლიტიკაშიც. ვითრგუნები, როცა პარტიის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა აკეთებს ქსენოფობიურ განცხადებებს და პარტიის არცერთი ლიდერი არ აფიქსირებს განსხვავებულ პოზიციას,"- წერს თაქთაქიშვილი. 

ყოფილი დეპუტატის განცხადებით, ასევე მიუღებელია, როდესაც მოკლული, ნაცემი ან შეურაცხყოფილი სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების დაცვის აუცილებლობაზე საუბრის მაგივრად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები "ამჯობინებენ საპატრიარქოს უმტკიცონ ერთგულება, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში სწორედ საპატრიარქო ავრცელებდა რუსულ, ანტიდასავლურ პროპაგანდას". 

თაქთაქიშვილის განცხადებით, მას აწუხებს ისიც, რომ ბოლო 30 წელია ის ქართულ პოლიტიკაში ერთსა და იმავე ადამიანებს ხედავს, რომლებიც ყველას "თავს ახვევენ თამაშის თავიანთ წესებს". 

"წესებს, რომლის მიხედვითაც დასაშვებია, დღეს ერთი პოზიცია გქონდეს, ხვალ სხვა, დღეს ერთ პარტიაში იყო, ხვალ - სხვაში, დღეს ერთი ძლიერი მოთამაშისგან ნახო სარგებელი, ხვალ - სხვისგან, ოღონდ საპარლამენტო სავარძელი ან სხვა პრივილეგია არ დათმო,"- წერს თაქთაქიშვილი. 

ჩიორა თაქთაქიშვილს მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აქამდეც გამიჯვნია და ახლა უკვე ყოფილი კოლეგები იმავეს არგაკეთების გამო გაუკრიტიკებია. 

თაქთაქიშვილი მე-4 პოლიტიკოსია, რომელმაც ამ კვირაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭო დატოვა. 6 თებერვალს პუბლიკამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარტიის პოლიტსაბჭო ზაზა ბიბილაშვილმა, მარიამ გერსამიამ და ნინო კალანდაძემ დატოვეს. 

კომენტარები