თურქეთი

სტამბოლში Pegasus-ის თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს გასცდა, დაიღუპა 3, დაშავდა 170 ადამიანი

AFP

სტამბოლის საბიჰა გიოქჩენის აეროპორტში დაშვებისას Pegasus-ის ავიახაზების თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს გასცდა და სამ ნაწილად გადატყდა. დაიღუპა 3 ადამიანი, დაშავდა 170. თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, რომელიც მეხანძრეებმა მალევე ჩააქრეს.

ბორტზე სულ 171 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. მგზავრების უმეტესობა თურქები იყვნენ. მათ შორის იყო რამდენიმე ბავშვი.

თვითმფრინავი სტამბოლში იზმირიდან ჩაფრინდა. Boeing 737 ტიპის თვითმფრინავი დაჯდომას უამინდობაში, ძლიერ ქარსა და წვიმაში ცდილობდა.

ინციდენტის შემდეგ აეროპორტი დროებით დაიხურა. ფრენები სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს.

ამჟამად საბიჰა გიოქჩენის აეროპორტი უკვე გახსნილია. დაწყებულია გამოძიება, თუმცა თურქ და სამხრეთ კორეელ პილოტებთან გასაუბრება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება, რადგან ისინი ინციდენტის შედეგად დაშავდნენ.

Pegasus-ის კიდევ ერთი Boeing 737 ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა 7 იანვარსაც. მაშინ არავინ დაღუპულა, თუმცა აეროპორტის დროებით დახურვა გახდა საჭირო.

კომენტარები