NATO-საქართველო

NATO-მ უნდა გაითვალისწინოს თურქეთის რჩევა და საქართველო წევრად აირჩიოს - ლუკ კოფის სტატია

ლუკ კოფი
Anadolu Agency

NATO-მ უნდა გაითვალისწინოს თურქეთის რჩევა და საქართველო წევრად აირჩიოს - ასე ეწოდება TRT World-ზე გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორიც Heritage Foundation-ის ანალიტიკოსი, ლუკ კოფია. 

კოფი წერს, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სწორი არგუმენტები აქვს, როდესაც საქართველოს NATO-ში მიღების საჭიროებაზე საუბრობს. ანალიტიკოსი იმ ორ მთავარ მიზეზს გამოჰყოფს, რის გამოც, საქართველო ალიანსის წევრი უნდა გახდეს: საქართველოს სანდო მოკავშირეობა და მისი სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდებარეობა. 

წაიკითხეთ ლუკ კოფის სტატია სრულად: 

"საქართველოს, როგორც NATO-ს მოკავშირის, საუკეთესო შედეგი და მისი გეოსტრატეგიული მნიშვნელობა ალიანსში მისი წევრობის დამაჯერებელ დასაბუთებას ქმნის. 

ცოტა ხნის წინ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, NATO-ს გაფართოების შესახებ გააკეთა მოწოდება. უფრო ზუსტად, მან ალიანსში საქართველოს მიერთებაზე ისაუბრა. 

დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საუბრისას, მან თქვა: "მე არ მესმის, რატომ არ ვიწვევთ საქართველოს ალიანსში ან რატომ არ გავუაქტიურეთ მას სამოქმედო გეგმა, რათა გახდეს წევრი". 

მან გააგრძელა: "ჩვენ [თურქეთს] ხშირად გვაკრიტიკებენ რუსეთთან, როგორც მეზობელთან, უფრო კარგი ურთიერთობის ქონის გამო, მაგრამ ჩვენი დასავლელი მეგობრები არ თანხმდებიან ალიანსში საქართველოს მოწვევას, რადგან მათ არ სურთ რუსეთის პროვოცირება. მაგრამ საქართველოს ჩვენ ვჭირდებით და ჩვენ გვჭირდება ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოა. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება გაფართოება და საქართველო უნდა გახდეს წევრი". 

მას სწორი არგუმენტი აქვს. თურქეთი საქართველოს NATO-ში გაწევრიანების დიდხნიანი მხარდამჭერია, როდესაც ალიანსის სხვა წევრები ამ საკითხზე ორჭოფობდნენ. 

ევროპაში სულ რამდენიმე ქვეყანა გამოხატავდა NATO-სადმი ისეთ ენთუზიაზმს, როგორსაც საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ ის წევრი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ NATO-საქართველოს ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთი ახლო, თბილისს არ შეუძლია საბოლოო ხაზის გადაკვეთა, რათა გახდეს სრულყოფილი წევრი. 

საქართველო NATO-ში გაერთიანებას ათწლეულზე მეტია ცდილობს. პირველად ამის პირობა 2008 წელს NATO-ს ბუქარესტის სამიტზე დადო. მას შემდეგ, ამ წევრობის დაპირება ყოველ მომდევნო სამიტზე დასტურდება. 

როგორც NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, თქვა 2016 წლის დეკემბერში, "საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული საშუალება, რათა გახდეს NATO-ს წევრი". 

სწორედ ამიტომაა, რომ წევრობაზე ნამდვილი პროგრესის გადადება ამდენად იმედის გამაცრუებელია ქართველებისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავუშოღლუ მართალი იყო, როდესაც თქვა, "ჩვენ გვჭირდება საქართველოსნაირი მოკავშირე". საქართველო ალიანსისთვის ბვერი მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი. 

უპირველეს ყოვლისა, საქართველო დაყრდნობადი და საიმედო მოკავშირეა. 2012 წელს, როდესაც NATO-ს ბევრი ქვეყანა ავღანეთიდან გასასვლელ კარს მიაწყდა, საქართველომ ათასობით სამხედრო დაამატა იქაურ მისიას. ავღანეთში საქართველოს ყველაზე დიდი კონტრიბუცია 2 000 ჯარისკაცზე მეტს შეადგენდა, რომლებიც ქვეყნის, თუ არა მსოფლიოს, ყველაზე რთულ ადგილებში მსახურობენ, ჰელმანდისა და კანდაჰარის პროვინციებში. დღეს საქართველოს ავღანეთში 900-მდე სამხედრო ჰყავს, რითიც ის ყველაზე დიდი არაწევრი კონტრიბუტორია NATO-ს საწვრთნელი მისიის. 

მეორე მხრივ, საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა NATO-სთვის მნიშვნელოვანია. სულ რამდენიმე ქვეყანა აცნობიერებს ამას იმაზე უკეთ, ვიდრე თურქეთი. სამხრეთ კავკასიაში განლაგებულმა საქართველომ, მნიშვნელოვან გეოგრაფიულ და კულტურულ გზაჯვარედინზე მყოფმა, საუკუნეების განმავლობაში დაამტკიცა თავისი სტრატეგიული მნიშვნელობა სამხედრო და ეკონომიკური კუთხით. 

დღეს საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა ასევე მნიშვნელოვანია. საქართველომ NATO შესთავაზა თავისი ტერიტორია, ინფრასტრუქტურა და ლოჯისტიკური შესაძლებლობები ძალებისა და ტვირთის ავღანეთში გადასატანად. 

წლების განმავლობაში საქართველოში საკვანძო აეროპორტებისა და პორტების მოდერნიზება მოხდა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საქმე შავი ზღვის რეგიონს ეხება. საკვანძო მაგისტრალები, როგორებიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მაგისტრალი, ბაქო-სუფსას მაგისტრალი და სამხრეთის გაზის დერეფანი.

საქართველოს გზა დემოკრატიისკენ რეგიონისთვის მაგალითია. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ დამოუკიდებლობის აღდგენიდან საქართველო მტკიცედ მიიწევდა დემოკრატიისკენ. 

რეგიონალური სტაბილურობისთვის, ამერიკის ინტერესებშია, რომ საქართველო ამ გზაზე დარჩეს. წლების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა მთავრობა მიმდევრობით ახორცილებდა ეკონომიკის ლიბერალიზაციის, ბიუროკრატიის შემცირების, კორუფციასთან ბრძოლისა და დემოკრატიასთან დაახლოების დღის წესრიგს. 2003 წლის მშვიდობიანი ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველო მტკიცედ იდგა ტრანსატლანტიკური საზოგადოების მხარეს.

NATO-ში საქართველოს მიღების შესახებ ერთერთი ყველაზე დიდი წუხილი, რაც ალიანსის წევრებს აქვთ, ქვეყნის 20%-ის განგრძობადი ოკუპაციაა რუსეთის მხრიდან. რუსეთი ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის განგრძობად ოკუპაციას იყენებს საუკეთესოდ, რათა საქართველო NATO-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიღმა დარჩეს. ეს მოსკოვის მხრიდან დადებული დე-ფაქტო ვეტოა - და ეს მიუღებელია. 

საბედნიეროდ ვიღაცები მივიდნენ შემოქმედებით იდეებამდე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევიყვანოთ საქართველო NATO-ში რუსეთთან ომის გაჩაღების გარეშე. ერთადერთი კითხვა, რაც რჩება, ისაა, ატლანტიკის ორივე მხარეს მყოფ ლიდერებს ეყოფათ თუ არა პოლიტიკური ნება და შემოქმედებითი ხედვა საჭირო იმისთვის, რომ საქართველოსთვის NATO-ს წევრობა შესაძლებელი გახდეს. 

საქართველო ევროპაში ასევე წარმოადგენს იდეას იმისას, რომ ყველა ქვეყანას აქვს სუვერენული შესაძლებლობა, განსაზღვროს თავისი გზა, გადაწყვიტოს ვისთან ექნება ურთიერთობა და რამდენად და ვისგან იქნება მართული. ტერიტორიული ინტეგრაცია დაფასებული უნდა იყოს და არცერთი გარე აქტორს (ამ შემთხვევაში რუსეთს) არ უნდა ჰქონდეს ვეტო წევრობასა ან ურთიერთობებზე ისეთ ორგანიზაციებში, როგორიც NATO-ა. 

რუსეთის შეჭრამ და მისგან გამოწვეულმა შედეგებმაც კი არ ათქმევინა საქართველოს უარი, ყოფილიყო უფრო ახლოს დასავლეთთან. ამან საქართველო ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების არსებით კონტრიბუტორად აქცია. 

ახლა ალიანსის დროა, წევრობის საკითხთან დაკავშირებით პროგრესი განიცადოს, გაითვალისწინოს მინისტრ ჩავუშოღლუს რჩევა და მიიღოს საქართველო NATO-ში."

კომენტარები