მდინარაძე შოთაძეზე: კარგი პროკურორია, თუ წარმოადგენენ, აუცილებლად დავუჭერ მხარს

ტაბულა

ქართული ოცნების წევრი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პარლამენტში წარმოდგენის შემთხვევაში მხარს "აუცილებლად დაუჭერს."

"ირაკლი არის ძალიან კარგი პროკურორი. მან ღირსეული ნაბიჯი გადადგა, როდესაც კითხვის ნიშნები გაჩნდა. როდესაც კითხვის ნიშნები აღარ არსებობს, მე არ ვფიქრობ, რომ მისი წარმოდგენა იქნება პრობლემა. თუ მას წარმოადგენენ, მე, როგორც ჯერ-ჯერობით ერთი დეპუტატი, გეუბნებით, რომ აუცილებლად დავუჭერ მხარს",-თქვა მდინარაძემ. 

ყოფილი მთავარი პროკურორისა და კვლავ პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის გასაუბრება საპროკურორო საბჭოსთან დღეს 11:00 საათიდან მიმდინარეობს.

შოთაძის კანდიდატურის წარდგენას აპროტესტებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები. ევროპული საქართველოს ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა 31 იანვარს პროკურატურასთან სიმბოლურად პლასტმასის დანები მიიტანეს.   

"შოთაძის დაბრუნება დანაშაულია" - ამ ლოზუნგით, შოთაძესთან გასაუბრების პარალელურად, პროკურატურასთან აქცია მიმდინარეობს.

ევროპული საქართველოს დეპუტატის, ოთარ კახიძის თქმით, ხორავას ქუჩის საქმის შემდეგ შოთაძის დაბრუნება "საზოგადოების დაცინვაა" და ამ გადაწყვეტილებას ივანიშვილი იღებს.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა 16 იანვარს წარუდგინა. 

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტიდან 2018 წლის მაისში, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო დაწყებული აქციების შემდეგ გადადგა, მას შემდეგ, რაც სასამართლომ დაადგინა, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დავით სარალიძის მკვლელი არ გამოიკვეთა. მოგვიანებით ხორავას ქუჩის საქმის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამაც პროკურატურის მიერ დარღვევების მთელი რიგი გამოავლინა.

შოთაძე თანამდებობიდან 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა.

მისი მთავარი პროკურორობის პერიოდს უკავშირდება ციანიდის საქმე, ასევე აფგან მუხთარლის გატაცება - აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს, რის შემდეგაც აზერბაიჯანში დააკავეს. ბაქოს სასამართლომ მას პატიმრობა მიუსაჯა.

მოგვიანებით მუხთარლიმ თქვა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს. აფგან მუხთარლის ცოლი, ლეილა მუსტაფაევა ადვოკატებთან ერთად მუხთარლის თბილისიდან გატაცების საქმის გამოძიებას მთავარ პროკურატურას უშედეგოდ სთხოვდა.

გენერალური პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ გამწესდა.

კომენტარები