აშშ - პოლონეთი

პოლონეთმა აშშ-სგან 32 F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი შეიძინა

31 იანვარს პოლონეთმა აშშ-სგან 32 Lockheed Martin F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავის შეძენის 4.6 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმებას ხელი მოაწერა.

"დღეს აშშ-მა და პოლონეთმა 32 F-35 ტიპის, ყველაზე თანამედროვე სამხედრო თვითმფრინავის, შესყიდვის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. პოლონეთის გაზრდილი სამხედრო ძალა არამხოლოდ პოლონეთს, არამედ მთელ აღმოსავლეთ მხარეს დაიცავს... პოლონეთისთვის და მისი მოკავშირეებისთვის ეს დიდებული ინვესტიციაა," - წერს ვარშავში აშშ-ის საელჩო.

პოლონეთის მიერ ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავების შეძენას გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. ის მოხარულია, რომ აშშ-ის NATO-ს მოკავშირემ, პოლონეთმა, მსოფლიოს მოწინავე გამანდგურებლები შეიძინა:

"ეს პრეზიდენტ დუდას და პრემიერმინისტ მორავიეცკის ჭკვიანური გადაწყვეტილებაა, რათა ჩვენი პარტნიორობის შემდგომი განვითარების, [პოლონეთის] კოლექტიური დაცვის და თავდაცვის გაძლიერების მიზნით, პოლონეთის სამხედრო ძალების მოდერნიზაცია მოახდინონ,"- წერს პომპეო.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივნისში ტრამპმა ვაშინგტონში პოლონეთის პრეზიდენტთან ანდრეი დუდასთან გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ აშშ პოლონეთში დამატებით დაახლოებით 1000 სამხედრო პერსონალს განალაგებდა, რაზეც დუდამ განაცხადა, რომ აშშ-ის დამატებითი ჯარები პოლონეთის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ისტორიის გამო იყო საჭირო. მან თქვა, რომ აღნიშნული სამხედრო შეთანხმება პოლონეთს დაეხმარება, რომ კიდევ უფრო მტკიცე კავშირი დაამყაროს დასავლეთთან. 

"რუსეთი კვლავ აჩვენებს მის ბოროტ, არამეგობრულ იმპერიალისტურ სახეს. რუსეთს ჩვენი ტერიტორიების მითვისება ყოველთვის სურს," - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ, 2016 წლის შეთანხმებით აშშ-ს პოლონეთში 4500-მდე ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული. 

2018 წელს პოლონეთმა აშშ-სგან 4.75 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების Patriot-ის ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემა შეიძინა.

კომენტარები