აშშ - პოლონეთი

პოლონეთი აშშ-სგან F-35 ტიპის 32 გამანადგურებელს შეიძენს

F-35
Defense News

27 იანვარს პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა თავის Twitter-ის გვერდზე დაწერა, რომ 32 ამერიკული Lockheed Martin F-35-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების შესაძენად პოლონეთი 4.6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულებას ხელს მოაწერდა.

"ამაყი ვარ, რომ აშშ მის უკანასკნელ თავდაცვით ტექნოლოგიებს მთავარ პარტნიორებს უზიარებს. F-35-ის საბრძოლო თვითმფრინავები პოლონეთის თავსებადობას აშშ-ის ძალებთან და საერთო უსაფრთხოებისთვის ჩვენ პარტნიორობას გააძლიერებს," - წერს პოლონეთში აშშ-ის ელჩი ჯორჯეტ მოსბაჩერი.

ხელმოწერის ცერემონია 31 იანვარს პოლონეთში, ქალაქ დებელინში 15:00 საათზე გაიმართება.

გასული წლის ივნისში ტრამპმა ვაშინგტონში პოლონეთის პრეზიდენტთან ანდრეი დუდასთან გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ აშშ პოლონეთში დამატებით დაახლოებით 1000 სამხედრო პერსონალს განალაგებდა, რაზეც დუდამ განაცხადა, რომ აშშ-ის დამატებითი ჯარები პოლონეთის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ისტორიის გამო იყო საჭირო. მან თქვა, რომ აღნიშნული სამხედრო შეთანხმება პოლონეთს დაეხმარება, რომ კიდევ უფრო მტკიცე კავშირი დაამყაროს დასავლეთთან. 

"რუსეთი კვლავ აჩვენებს მის ბოროტ, არამეგობრულ იმპერიალისტურ სახეს. რუსეთს ჩვენი ტერიტორიების მითვისება ყოველთვის სურს," - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ, 2016 წლის შეთანხმებით აშშ-ს პოლონეთში 4500-მდე ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული. 

2018 წელს პოლონეთმა აშშ-სგან 4.75 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების Patriot-ის ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემა შეიძინა.

კომენტარები