გრიპის ვირუსი

გამყრელიძე: ჩინეთის ორ მცირეწლოვან მოქალაქეს დაუდგინდა A ტიპის გრიპი და არა კორონავირუსი

ამირან გამყრელიძე
NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, ჩინეთის ორ მცირეწლოვან მოქალაქეს, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს, A ტიპის გრიპის ვირუსი დაუდგინდა. მან აღნიშნა, რომ ეს კლინიკაში ჩატარებულმა სწრაფმა ტესტმა დაადასტურა.

"ხაზს ვუსვამ, A ტიპის გრიპის ვირუსი, ასე რომ, იქ არავითარ კორონავირუსზე საუბარი არაა. თუმცა, რა თქმა უნდა, აღებულია ნიმუშები ე.წ მოლეკულური კვლევისთვის, რომელიც მიმდინარეობს ლუგარის ცენტრში. ამას სჭირდება რამდენიმე საათი" - თქვა გამყრელიძემ.

ჩინელი ტურისტები საქართველოში ოთხი დღის წინ ჩამოვიდნენ. იმის გამო, რომ ორ ბავშვს სიცხე აქვს, ჩინეთის მოქალაქეების ცხრაკაციანი ჯგუფი ყაზბეგიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში პრევენციისთვის 30 იანვარს გადმოიყვანეს. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ბავშვების ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათთვის დაავადების მესამე დღეა.

კომენტარები