გრიპის ვირუსი

გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება, ცირკულირებს ახალი და ძველი კორონავირუსი - ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ჯერჯერობით ქვეყანაში გრიპის ვირუსის დადასტურებული შემთხვევა არ არის, ამ ეტაპზე ცირკულირებს რინო ვირუსი, ახალი და ძველი კორონა ვირუსი.

ჩხაიძე აღნიშნავს, რომ დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის, კალენდარული წლის 43-ე კვირის მონაცემებით, არ დასტურდება არცერთი გრიპის შემთხვევა, თუმცა მრავალწლიანი სტატისტიკის გათვალისწინებით, პირველი შემთხვევა, სავარაუდოდ, ამ თვეში დაფიქსირდება.

"პიკური მაჩვენებელი ყოველ წელს განსხვავებულია, შარშან გრიპის შემთხვევების პიკი თებერვლის პირველ ნახევარზე მოვიდა და ამ თვალსაზრისით, ალბათ წლევანდელი წელიც ამავე პერიოდს, დეკემბრიდან თებერვლამდე პერიოდს დაემთხვევა, უმეტესი შემთხვევები სწორედ ამ პერიოდში იქნება აღრიცხული." - თქვა ჩხაიძემ "მედიაცენტრ მთავარში."

პრევენციის მთავარ საშუალებად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ასახელებს და დასძენს, რომ ახლა არის იდეალური პერიოდი ვაქცინის გასაკეთებლად - "ოქტომბრის მეორე ნახევარი, ნოემბრის პირველი ნახევარი არის იდეალური პერიოდი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის, ამ პერიოდს იმიტომ აღვნიშნავთ, რომ გრიპის ვაქცინა მოქმედებას იწყებს გაკეთებიდან ორი კვირის შემდეგ და თუ ჩვენ უკვე ნოემბერში ველოდებით გრიპის ერთეული შემთხვევების დადასტურებას და მატებას დეკემბერ-იანვარ-თებერვლის თვეში, ზუსტად ახლა გაკეთებული ვაქცინა თავის მაქსიმალურ დამცველობით უნარს მიაღწევს."

ივანე ჩხაიძის თქმით, ქვეყანაში ცირკულირებს 2 ტიპის ვირუსი - "ეს არის რინო ვირუსი, ასევე აქტიურად ცირკულირებს ძველი კორონავირუსი, რომელიც იწვევს გაციებას და ასევე აქტიურად ცირკულირებს ახალი კორონავირუსი."

ასევე დასძენს, რომ ძველი და ახალი კორონავირუსი მსუბუქად მიმდინარე დაავადებების ჯგუფშია. 

ჩხაიძე აღნიშნავს, რომ ინფექციის ეფექტური პრევენციისთვის ვაქცინაციისა და ნიღბის ტარების გარდა სხვა შესაძლებლობა დღესდღეისობით არ გვაქვს - "თუ თქვენ გაქვთ ის ნიშანი, რომელიც მიუთითებს მწვავე რესპირაციულ ვირუსულ ინფექციაზე, ყელის ტკივილი, ცემინება, ხველა, თუნდაც დაბალი ტემპერატურა, მაინც ეცადეთ, რომ დარჩეთ სახლში თუ გიწევთ ესეთ პირობებში გადაადგილება, მაშინ ამ ადამიანმა ნიღაბი უნდა გამოიყენოს, ვინაიდან ინფექციის პრევენციის სხვა შესაძლებლობა, გარდა ვაქცინაციისა და ნიღბის ტარებისა დღესდღეისობით ჩვენ არ გვაქვს."

კომენტარები