თავდასხმა ნიკა გვარამიაზე

სასამართლოს ეზოში ნიკა გვარამიას უცნობმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ტაბულა

მთავარი არხის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლოსთან, სადაც არხის მეწილის, გიორგი რურუას, პროცესის პარალელურად მხარდამჭერი აქცია იმართებოდა, უცნობმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ინფორმაციას ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ნინო გოგუაძე და ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია ავრცელებენ. ტაბულა ცდილობს დაუკავშირდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

გოგოუაძე ტაბულასთან საუბარში ინციდენტს დეტალურად იხსენებს და ამბობს, რომ ეს წინასწარ დაგეგმილი იყო და უცნობი პირები ჩასაფრებულები იყვნენ, რომ გვარამიასთვის დაერტყათ. 

"მე და ელენე ხოშტარია ნიკა გვარამისთან ვსაუბრობდით. საუბარი როგორც კი დავამთავრეთ, ერთი წამი არ იყო გასული, უბრალოდ, მე ზურგით ვიყავი იმიტომ, რომ კიბეზე ჩამოვდიოდი და გვარამია სასამართლოს შენობაში შედიოდა. წამში გავიგეთ დარტყმის ხმა და რომ მოვიხედეთ, უკვე მომხდარი იყო ინციდენტი,"- ყვება გოგუაძე. 

გოგუაძის თქმით, გვარამიას თავს 2-3 ადამიანი დაესხა, რომლებსაც დაცვა გაეკიდა. 

"ეს მოხდა იმდენად წამებში, რომ ადამიანები იყვნენ ჩასაფრებულები და სპეციალურად ელოდებოდნენ, რომ ანგარიშსწორება მოეწყოთ გვარამიასთვის. ეს არის საშინელება, რადგან სახელმწიფოში, სადაც ფიზიკური დაპირისპირება ხდება და ამას ხელს აფარებს ხელისუფლება, რადგან არცერთი მოძალადე, რომელიც ოპოზიციურად განწყობილი ადამიანის წინააღმდეგ განახორციელებს ძალადობას, კანონის სიმკაცრით არ ისჯება, ამას სახელმწიფო უმართავ პროცესებამდე მიჰყავს," - ამბობს ნინო გოგუაძე ტაბულასთან საუბარში.

კომენტარები