მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები

2019 წლის მეოთხე კვარტალში Apple-ის შემოსავალმა რეკორდული $92 მილიარდი შეადგინა

Apple

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Apple-მა გასული წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. საანგარიშო პერიოდში კომპანიის მოგება 9%-ით გაიზარდა. 

ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში მოგებამ 91.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო წმინდა მოგების წილი 22,2 მილიარდი დოლარით განისაზღვრა, რაც კომპანიის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

რეკორდული შემოსავლები iPhone-იბის ბოლო მოდელებზე მაღალი მოთხოვნით არის განპირობებული. ჯამურად ტელეფონების გაყიდვით მიღებული შემოსავალი მთლიანი მაჩვენებლის დაახლოებით ნახევარს შეადგენს. მნიშვნელოვანია, ასევე iPhone-ებთან დაკავშირებული სხვადასხვა გაჯეტების გაყიდვებით მიღებული შემოსავალი. 

კომპანიის მიერ, წარმოებულ Apple Watch-ის და Airpods-ის გაყიდვები ბოლო წლების განმავლობაში მზარდია. ამ მიმართულებით კარგი მაჩვენებლების მიუხედავად, კომპანია აქტიურად ცდილობს შემოსავლის დიდი ნაწილი ელექტრონული სერვისების გაყიდვიდან მიიღოს. 

იანვრის დასაწყისში, კომპანიის ერთ აქციაზე ფასი 300 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაციამ 1,3 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ამ დროისთვის Apple მსოფლიოს უმსხვილესი კერძო კომპანიაა. 

Apple-ის გარდა, 1 ტრილიონ დოლარს აღემატება Microsoft-ისა და Amazon-ის საბაზრო კაპიტალიზაციაც. დეკემბერში საფონდო ბირჟაზე განთავსდა მსოფლიოს ყველაზე დიდი კომპანიის Saudi Aramco-ს აქციების ნაწილი. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამ დროისთვის 2 ტრილიონ დოლარს აღემატება, თუმცა კომპანია სახელმწიფოს საკუთრებაშია.

კომენტარები