თვითმფრინავის ჩამოვარდნა ავღანეთში

აშშ-მა მიიღო ავღანეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნისას დაღუპული ორი სამხედროს ცხედარი

Reuters

აშშ-ის სამხედრო ძალების და ავღანეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით აშშ-მა მიიღო ავღანეთში ამერიკული თვითმფრინავის ჩამოვარდნისას დაღუპული ორი სამხედროს ცხედარი.

თვითმფრინავი ორშაბათს ღაზნის პროვინციაში ჩამოვარდა. აშშ არ ადასტურებს თალიბანის განცხადებას, რომ თვითმფრინავი შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ჩამოაგდო.

ამ დრომდე თალიბანი ავღანეთის ძალებს ავაიაკატასტროფის ადგილამდე არ უშვებდა.

ცხედრებთან ერთად მოიპოვეს მონაცემები თვითმფრინავიდან, რომელთა ანალიზის საფუძველზე ავიაკატასტროფის მიზეზს დაადგენენ.

თალიბანის სპიკერმა თქვა, რომ დაღუპულია 6 ადამიანი და მათ ცხედრებს სამაშველო ჯგუფს გადასცემენ, თუმცა ოფიციალური პირების ინფორმაციით თვითმფრინავში მხოლოდ ორი სამხედრო იმყოფებოდა.

მანამდე თალიბანმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც აშშ-ის საჰაერო ძალების დამწვარი ხომალდის ნაწილები ჩანს. Bombardier E-11A ტიპის თვითმფრინავს აშშ-ის სამხედრო ძალები ავღანეთის თავზე დაზვერვისათვის იყენებენ.

აშშ-ის სამხედრო ძალებმა უარყვეს თალიბანის განცხადება, რომ მათ კიდევ ერთი, სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. თავდაპირველად ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებაშიც ნათქვამი იყო, რომ ჩამოვარდნილი ხომალდი ავღანეთის ავიახაზებს, Ariana-ს ეკუთვნოდა, თუმცა კომპანიამ ეს ინფორმაცია უარყო.

კომენტარები