პროპორციული არჩევნები

კალაძე: არსებული სისტემა იდეალურია, 2024-ში პროპორციულზე გადასვლის შეცვლაც საჭიროა

instagram.com/kakhakaladze/

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, არსებული მაჟორიტარული სისტემა "იდეალურია" და 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებითაც "უნდა განხორციელდეს ცვლილებები".

"დღევანდელი გადმოსახედიდან, ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მე არ ვემხრობი პროპორციულ სისტემას. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის არსებული სისტემა, ან სისტემა, რომელიც არის შეთავაზებული 100/50-ზე, არის იდეალური. ვფიქრობ, 2024-შიც უნდა განხორციელდეს ცვლილებები. დღეს არ არის ჩვენი პოლიტიკური სპექტრი მზად იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩავატაროთ პროპორციული არჩევნები. ჩვენ კონსტიტუციაში გაწერილი გვაქვს, რომ 2024-ში უნდა ჩატარდეს. თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ გვექნება, ამ ცვლილების განხორციელება, ალბათ, რთული იქნება. რომ იყოს შესაძლებლობა, ისევ და ისევ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, განსახორციელებელია",-თქვა კალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 

14 ნოემბერს, ქართული ოცნების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. კანონის ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ 24 ივნისს დადებული პირობა. 

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შემქნილი კრიზისის გადასაჭრელად და ხელისუფლება და ოპოზიცია, დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით, 20 დეკემბერს ერთმანეთს მეოთხედ შეხვდა. 

ქართულმა ოცნებამ ოპოზიციას 20 დეკემბერს შესთავაზა, პარლამენტში 100 დეპუტატი პროპორციული წესით, 50 კი მაჟორიტარულად აირჩიონ. მანდატების მსგავსი გადანაწილება საკონსტიტუციო ცვლილებას საჭიროებს.

მოქმედი საარჩევნო სისტემით 77 დეპუტატს პროპორციული წესით ირჩევენ, 73 დეპუტატს კი მაჟორიტარული წესით.

კომენტარები