ევროპარლამენტი

კუბილიუსი: არჩევნებში პროპორციული ელემენტის გარეშე საერთაშორისო ნდობა შეზღუდული იქნება

ევროპარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის საკითხი განიხილა. ევროპარლამენტარების წინაშე ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა. გამოსვლის შემდეგ მათ ევროპარლამენტარებმა საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ კითხვებიც დაუსვეს. მათ შორის იყო ევროპარლამენტარი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი. მან თქვა, რომ თუ ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკებები შედეგს არ მოიტანს არჩევნებისადმი ნდობა დაბალი იქნება:

"როდესაც ევრონესტის სესია გვქონდა, როგორც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელს შეხვედრები მქონდა ოპოზიციასთან და მმართველ პარტიასთან, მათ შორის პარლამენტის სპიკერთან და პარტიის ლიდერთან. გთხოვთ გადასცეთ მათ ჩემი მარტივი გზავნილი: ისინი დამპირდნენ რომ დიალოგი შედეგს მოიტანდა, არჩევნებში პროპორციული ელემენტი შევიდოდა. გადაეცით ჩემი სურვილი, რომ კვლავ ველოდები, როდის დადგება ეს შედეგი. ამ შედეგის გარეშე საერთაშორისო ნდობა თქვენი არჩევნებისადმი შეზღუდული იქნება."

მან ასევე კომენტარი გააკეთა ოპოზიციური პარტიების ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებებზე:

"მეორე შეკითხვა: შეგიძლიათ მითხრათ არის თუ არა ოპოზიციური ლიდერი საქართველოში, რომელიც მთავარ პროკურორთან არ დაიბარეს?"

კუბილიუსი საქართველოში გასული წლის დეკემბერში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში იმყოფებოდა და შეხვდა როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი პარტიის წამომადგენლებს, რომელთაც მოუწოდა გაეგრძელებინათ დიალოგი და საარჩევნო სისტემა უფრო პროპორციული გაეხადათ.

"ამ გზით შესაძლო აღდგეს ის ნდობა საარჩევნო სისტემისადმი, რაც დაიკარგა როგორც შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, როდესაც მმართველმა პარტიამ ვერ შეძლო დაპირების შესრულება პროპორციული სისტემის დანერგვის თაობაზე.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ პრინციპს - მეტი მეტის სანაცვლოდ და ნაკლები ნაკლების სანაცვლოდ. ძალიან პრაქტიკული და მკაფიო პრინციპია. თუ ერთი მხრიდან იქნება ნაკლები დემოკრატია, მეორე მხრიდან იქნება ნაკლები ინტეგრაცია. ეს უნდა გავითვალისწინოთ." თქვა მან ევრონესტის ასამბლეის დასრულების შემდეგ.

კომენტარები