სახალხო დამცველის ანგარიში

ლომჯარია წულუკიანს: როცა ციხეში არასათანადო მოპყრობის შესახებ ვიდეო გვჭირდება, არ გვაწვდიან

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ომბუდსმენი სასჯელაღსრულების 4 დაწესებულების მონიტრინგის ანგარიშს წარადგენს, თეა წულუკიანმა ვიდეო გაუშვა

იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, ვიდეოზე ჩანს, რომ "სახალხო დამცველის წარმომადგენელი ორჯერ ადუღებინებს ყავას პატიმარს, მიირთმევს მის შოკოლადს, ეწევა მის სიგარეტს და შემდეგ საკანში პატიმრისთვის განთავსებულ სველ წერტილს მოიხმარს და რომ ის 4 საათის განმავლობაში რჩება ე.წ მონიტორინგის რეჟიმში".

წულუკიანმა ასევე თქვა, რომ ომბუდსმენის წარმომადგენელს დახეული ჯინსი აცვია, რაც მიუღებელია, ასევე, მისი თქმით, პატიმრებს ქუდის, მათ შორის, ე.წ კაპიშონის ტარებს უფლება არ აქვთ და გაუგებარია, რატომ უნდა ეხუროს ომბუდსმენის წარმომადგენელს ბასკური ბერეტი.

იუსტიციის მინისტრის პასუხად ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ვიდეო, სავარაუდოდ, ზაფხულშია გადაღებული, ვინაიდან ზაფხულის შემდეგ კონკრეტული ადამიანი ომბუდსმენის აპარატში არ მუშაობს. თუმცა, მისთვის მთავარი ის არის, თუ რის საფუძველზე მოხდა ამ ვიდეოს შენახვა.

"იმიტომ რომ ჩვენ, როგორც წესი, როცა გვჭირდება ვიდეო მასალები, არასათანადო მოპყრობის შემთხვევები იქნება ეს თუ სხვა ფაქტების გამოძიება, აღმოჩნდება ხოლმე, რომ არ არის შენახული, არის წაშლილი, არ არის დაარქივებული, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ზაფხულის შემდეგ ინახავს იუსტიციის სამინისტრო ამას. გვეცოდინება, ქალბატონო თეა, როცა შემდგომში ინფორმაცია დაგვჭირდება, რომ თქვენ მასალებს თვეების განმავლობაში ინახავთ და აუცილებლად გამოვითხოვთ ინფორმაციას, რის საფუძველზე არის ეს ვიდეო დაარქივებულლი და რამდენად კანონიერი იყო მისი მოპოვება და შენახვა", - თქვა ომბუდსმენმა.

წულუკიანმა ომბუდსმენი იმ ანგარიშის გამო გააკრიტიკა, რომლის მიხედვითაც, N2, N8, N14 და N15 პენიტენციური დაწესებულებებში ვითარებას ე.წ მაყურებლები აკონტროლებენ, ლეგიტიმაცია კი ადმინისტრაციისგან აქვთ.

წულუკიანი ანგარიშის შინაარსს არ ეთანხმება და ანგარიშს "არაპროფესიონალურს" უწოდებს.

კომენტარები