ნატა ფერაძე

ნატა ფერაძე ხელწერილით გაათავისუფლეს, ტრანსგენდერი ქალები კვლავ პოლიციაში არიან

Vakho Kareli

აქტივისტი ნატა ფერაძე ხელწერილით გაათავისუფლეს. პოლიციის განყოფილებაში რჩება ორი ტრანსგენდერი ქალი, რომლებიც წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის/პოლიციელის შეურაცხყოფის მუხლით დააკავეს.

ის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ამ პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ პირს, რომელსაც ნატა ფერაძემ უთხრა, რომ "შემოულაწუნებს", პოლიციის ფორმა არ აცვია.

ნატა ფერაძე დღეს, 18 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ის ტრანსგენდერ ქალებთან იმყოფებოდა, რომლებსაც შეშა მიუტანა. ფერაძე ფეისბუქ ლაივში ჰყვება, რომ პოლიციამ ტრანსგენდერი ქალები დააკავა და ჰომოფობიურად იქცევა. ის პოლიციელებს ეკითხება, რის საფუძველზე დააკავეს ტრანსგენდერი ქალი, რის შემდეგაც მასთან მიდის კაცი სამოქალაქო ფორმაში და ეუბნება, რომ დაწყნარდეს. საპასუხოდ, ნატა ფერაძემ მას უთხრა:

"დაწყნარდის კიდევ ერთხელ მეტყვი და შემოგილაწუნებ".

ამის შემდეგ ნატა ფერაძე დააკავეს.

კომენტარები