ირანი

აიათოლა ალი ხამენეი: ირანს აქვს ძალა აშშ-ს სილა გააწნას, ეს ღმერთის ხელის დემონსტრაციაა

აიათოლა ალი ხამენეი
Reuters

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებისას დაღუპულთათვის ლოცვა წაიკითხა. შეკრებილი მოსახლეობისადმი მიმართვაში მან თქვა, რომ ირანის პასუხი გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციაზე აშშ-სათვის სილის გაწვნა იყო და ამაში მათ ღმერთი დაეხმარათ:

"ფაქტი, რომ ირანს აქვს ძალა სილა გააწნას მსოფლიო ძალებს ღმერთის ხელის დემონსტრაციაა." თქვა მან.

ხამენეიმ თქვა, რომ სოლეიმანის ლიკვიდაციამ ვაშინგტონის "ტერორისტული ბუნება" აჩვენა და რომ აშშ-ის სანქციები ირანს დანებებას ვერ აიძულებს. მისი თქმით თვითმფრინავის ჩამოგდება ტრაგედიაა, რომელიც ირანის მტრებმა სოლეიმანის მკვლელობის გადასაფარად გამოიყენეს.

ირანის რევოლუციური გვარდიის ყუდსის დანაყოფის მეთაური გენერალი ყასემ სოლეიმანი 3 იანვარს აშშ-ის საჰაერო თავდასხმისას ერაყში მოკლეს. პასუხად 8 იანვარს ირანმა ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა აშშ-ის სამხედრო ძალების სპიკერის თქმით 11 ამერიკელ სამხედროს ტვინის შერყევის სიმპტომები ჰქონდა და მათ მკურნალობენ.

8 იანვარს ირანის მიერ გასროლილმა რაკეტებმა უკრაინის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, რასაც 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ირანი თავდაპირველად თვითმფრინავის ჩამოგდებას უარყოფდა, თუმცა 11 იანვარს აღიარა, რომ თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდეს. აღიარებას თეირანის ქუჩებში მასშტაბური აქციები მოჰყვა. პოლიციამ აქციები ცრემლსადენი გაზით და ხელკეტებით დაშალა. გამოიყენეს ცეცხლსასროლი იარაღიც. დააკავეს ათობით ადამიანი.

კომენტარები