ირაკლი შოთაძე

წულუკიანი: შოთაძის პროკურორობისას დავინახე რეფორმები, პროკურორთა კორპუსი

ტაბულა

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის დაბრუნებას მიესალმება.

"შოთაძე იყო ძალიან კარგი მთავარი პროკურორი საქართველოსი. ეს იყო მთავარი პროკურორი, რომლის დროსაც მე, როგორც იუსტიციის მინისტრმა, დავინახე პროკურატურაში რეფორმები, დავინახე პროკურორთა კორპუსი. მივესალმები ამ კანდიდატურას დაყენებას. თქვენ ყველას გახსოვთ ჩემი ურყევი პოზიცია, რომ ირაკლი შოთაძემ მაშინ მართალია მიიღო ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მისი გადადგომის შესახებ არ მომწონდა და ეს პოზიცია მას შემდეგ არასდროს შემიცვლია", - თქვა წულუკიანმა ჟურნალისტებთან.

ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის პოსტს 2015 წლის 19 ნოემბრიდან იკავებდა. თანამდებობა მან 2018 წლის 31 მაისს დატოვა, მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაადგინა, რომ ორი ბრალდებულიდან ორივე გამართლდა დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში და დამნაშავედ მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის მუხლებით ცნეს.

შოთაძე გენპროკურორობის კანდიდატი მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მისი კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს წარუდგინა.

ამ დროისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 9 კანდიდატია წარდგენილი. მთავარი პროკურატურის ცნობით, კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა გრძელდება 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით.

გენერალური პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ გამწესდა.

კომენტარები