NDI-ის კვლევა 2020

სამადაშვილი NDI-ზე: კვლევა ადასტურებს, რომ ივანიშვილის მმართველობის ხანა ქვეყანაში დასრულდა

სალომე სამადაშვილი
პარლამენტი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, სალომე სამადაშვილი NDI-ს კვლევას გამოეხმაურა. სამადაშვილის თქმით, კვლევა ადასტურებს, რომ "ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ხანა ქვეყანაში დასრულდა".

"ყველაზე მაღალი ნეგატიური შეფასება საქართველოს ამომრჩევლებს შორის სწორედ ბიძინა ივანიშვილს აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართველი ხალხი აღარ აპირებს, ბიძინა ივანიშვილს დაუტოვოს საკუთარი სახელმწიფო სამართავად. მისი უკანასკნელი პროექტი, დღევანდელი საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არის ასევე ლიდერი მოსახლეობის უარყოფითი დამოკიდებულების თვალსაზრისით. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი კრახით დასრულდა",-თქვა სამადაშვილმა. 

დღეს, 16 იანვარს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. შედეგების მიხედვით, ქართული ოცნების თავმჯდომარე მოსახლეობის 17%-ს მოსწონს. უფრო მაღალია ბიძინა ივანიშვილის უარყოფითი შეფასება - 49%.

ივანიშვილის უარყოფითი შეფასების მაჩვენებელი 10%-ით გაიზარდა - თუ 2019 წლის აპრილში ჩატარებულ გამოკითხვაში მას უარყოფითად აფასებდა 39% აფასებდა.

ასევე, კვლევის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას მოსახლების უმრავლესობა, 54% უარყოფითად აფასებს. კერძოდ, 34% სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას აფასებს ცუდად, ხოლო 20% ძალიან ცუდად.

კომენტარები