აშშ-რუსეთი

პომპეო: აშშ-ის შეკავების პოლიტიკა შესუსტდა და ვნახეთ რუსეთის აგრესია

მაიკ პომპეო
Getty Image

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ შეკავების პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და რუსეთის მხრიდან საერთაშორისო კანონების და შეთანხმებების დარღვევის ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება:

"ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ ირანში, სხვაგანაც, რომ ამერიკული შეკავების პოლიტიკა შესუსტდა. ჩვენ ვნახეთ რუსეთის აგრესია 2014 წელს, ყირიმის ოკუპაცია და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის მხარდაჭერა იმიტომ, რომ შეკავების პოლიტიკას საფუძველი შეერყა. ჩვენ გავაგრძელეთ უკრაინის სამხედრო ძალებისათვის ლეტალური იარაღის მიწოდება. რუსეთმა არ შეასრულა შეთანხმების პირობები, ჩვენ დავტოვეთ შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმება NATO-ს მოკავშირეების ერთსულოვანი მხარდაჭერით იმიტომ, რომ ორმხრივ შეთანხმებას მხოლოდ ერთი მხარე ასრულებდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს აღადგენს ამერიკის შეკავების პოლიტიკის სანდოობას." თქვა მან.

მანამდე პომპეომ ირანის მიმართ შეკავების პოლიტიკის წარმოებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია ირანის შეკავების პოლიტიკის ნაწილი იყო:

"პრეზიდენტი ტრამპი და ჩვენ, ვინც ეროვნული უსაფრთხოების გუნდში ვართ, ვცდილობთ ხელახლა ჩამოვაყალიბოთ შეკავების პოლიტიკა, ნამდვილი შეკავების, ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ. შეკავების პოლიტიკა ნიშნავს დაარწმუნო მეორე მხარე რომ კონკრეტული ქმედების ფასი უფრო მაღალია, ვიდრე სარგებელი. ამისათვის საჭიროა სანდოობა, მეტიც, ეს ამაზე დამოკიდებულია. შენს მოწინააღმდეგეს უნდა ესმოდეს, რომ შენ არა მხოლოდ გაქვს შესაძლებლობა დააწესო ფასი, არამედ ამისათვის მზადაც ხარ. ამერიკას ახლა ყველაზე ძლიერი პოზიცია აქვს ირანთან მიმართებით, ვიდრე ოდესმე.

შეკავების მნიშვნელობა მხოლოდ ირანზე არ ვრცელდება. ყველა შემთხვევაში, ჩვენ უნდა შევაკავოთ ჩვენი მოწინააღმდეგეები, რათა დავიცვათ თავისუფლება. ეს არის პრეზიდენტ ტრამპის მუშაობის მთელი არსი, რომ ჩვენი სამხედრო ძალების იმაზე ძლიერი გახადოს, ვიდრე ოდესმე ყოფილან." თქვა მან.

პომპეომ ასევე ისაუბრა ჩინეთის მიერ აშშ-ის ტექნოლოგიების მოპარვაზე და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში აშშ-ის სამხედრო წვრთნებზე.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის იანვარში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, 1987 წელს რეიგანისა და გორბაჩოვის მიერ რუსეთთან გაფორმებული შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმების (INF) დატოვების შესახებ. აშშ-მა შეთანხმება სრულად აგვისტოში დატოვა. ამის შემდეგ შეთანხმებიდან გავიდა რუსეთიც, ხოლო პუტინი დაიმუქრა, რომ თუ აშშ ახალ რაკეტებს შექმნიდა, რუსეთიც იმავეს გააკეთებდა.

შეთანხმება რუსეთსა და აშშ-ს 500-დან 5 000 კილომეტრამდე მოქმედი რაკეტების გამოყენებას უკრძალავდა. აშშ-მ და ნატომ რუსეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს. აშშ-ს მიაჩნია, რომ რუსეთი აკრძალული სარაკეტო სისტემის შექმნაზე მუშაობდა, რომელიც ევროპაზე ბირთვულ თავდასხმას შესაძლებელს მცირე დროში გახდის.  

კომენტარები