თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე

EMC: მაჩალიკაშვილის საქმეზე სპეცრაზმელების ჩვენებები ერთმანეთთან ფუნდამენტურად შეუსაბამოა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებს აფასებს. მათ მასალის გაცნობის საშუალება მას შემდეგ მიეცათ, რაც „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღდეგ“ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ არსებითი განხილვა დაიწყო და საქართველოს მთავრობას საქმის მასალების სრული გაზიარება მოსთხოვა.

EMC-ის ინფორმაციითვე, სუს-ის თანამშრომლების გამოკითხვები აჩვენებს ერთმანეთთან ფუნდამენტურ შეუსაბამობას და მთავარი შეუსაბამობები თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში სპეცრაზმის შესვლასა და გასროლის მომენტებს უკავშირდება.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, ჩვენებები განსხვავებულია. კერძოდ, ოთახში მყოფი სპეცრაზმელების განმარტებით, გასროლა სპეცოპერაციის დაწყებიდან 10 წუთში მოხდა, მაშინ როცა სხვა სპეცრაზმელების თქმით, გასროლა რამდენიმე წამში დაიწყო.

EMC მიიჩნევს, რომ დამატებითი საქმის მასალების შესწავლამ გამოავლინა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ:

1. სუს-ის მიერ მასშტაბური სპეცოპერაცია არასათანადოდ დაიგეგმა, რისკების ჯეროვანი ანალიზის და პრევენციული ღონისძიებების გათვალისწინების გარეშე.

2. სუს-ს არ გააჩნდა სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება და სპეცოპერაციის წერილობითი გეგმა, ისევე როგორც სპეცრაზმელებისთვის გაცემული წერილობითი მკაფიო ინსტრუქციები და სპეცოპერაციის დროს და მისი შემდგომი მონიტორინგის პროცედურები.

3. გამოძიების დაწყების პირველივე ეტაპზე სუს-ის მიერ გავრცელებული ოფიციალური ვერსია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ხელყუმბარის გამოყენებით ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას სპეცრაზმისთვის, კიდევ უფრო დაუსაბუთებელი და სუსტი აღმოჩნდა.

4. ძალის გამოყენების დროს სპეცრაზმელმა არ დაიცვა პროპორციულობის პრინციპი, რასაც ერთი მხრივ, გაფრთხილების არგამოყენების და მეორე მხრივ, თითქოსდა წინააღმდეგობის დროს სხვა, ნაკლებად მძიმე ღონისძიებების არგამოყენების გარემოებები ადასტურებს.

5. სპეცრაზმელებმა დაადასტურეს, რომ გასროლიდან რამდენიმე საათის განმავლობაში თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახზე სრული კონტროლი სპეცრაზმელებს (დაინტერესებულ პირებს) ჰქონდათ და მათ შორის, სუს-ის გამომძიებლებს ოთახში შესვლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ.

არასამთავრობო ორგანიზაცია საიდუმლოების შემცველი მასალებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საქმეში სხვა პრობლემურ გარემოებებზეც მიუთითებს.

EMC-ის შეფასებით, საგამოძიებო ორგანოს მიერ, სროლის განმახორციელებელი და
ადგილზე მყოფ სხვა სპეცრაზმელთა გამოკითხვა დაგვიანებით და ფორმალურად ჩატარდა.
ასევე მათ არ დაუსვეს საქმეზე სიმართლის დასადეგნად მნიშვნელოვანი და კრიტიკული კითხვები, არ არის დაზუსტებული შემდეგი გარემოებები:

 საწოლის რა კონკრეტული ადგილიდან და როგორ აიღო ხელყუმბარა თემირლან
მაჩალიკაშვილმა; თუ მან ხელყუმბარა აიღო, რატომ დაბრუნდა კვლავ მწოლიარე
მდგომარეობაში და როგორ შეეძლო მას გაექატიურებინა ხელყუმბარა ამ
მდგომარეობაში;

 პროკურატურას არ აქვს კითხვები დასმული თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ
ტელეფონით სარგებლობასთან დაკავშირებით, მაშინ როცა ჩვენ მიერ წარდგენილი
ინფორმაცია უთითებს სპეცოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე
თემირლანის აქტივობას სოციალურ ქსელებში;

 რა კომუნიკაცია ჰქონდა სპეცრაზმელს თემირლან მაჩალიკაშვილთან გასროლამდე,
რატომ ესროლა თავის არეში და რატომ არ შეეცადა სხვაგვარი ზიანის მიყენებით
მისი ე.წ. წინააღმდეგობის განეიტრალებას.

 რა იყო ხელყუმბარის თავდაპირველი განთავსების ადგილი გასროლის შემდეგ და
იყო თუ არა უსაფრთხო სპეცრაზმელის მიერ მისი დამოუკიდებლად გადაადგილება.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მიმდინარე გამოძიება ფორმალური, არაეფექტიანი და ილუზორულია და გამოძიების პროცესში აშკარად გამოჩნდა სუს-ის თვითნებური ინტერვენცია, რამაც გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ფუნდამენტური პრინციპი დაარღვია.

2017 წლის 26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთ-ერთი ბრალდებული, თემირლან მაჩალიკაშვილი კი თავში მძიმედ დაიჭრა, რის შედეგადაც რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. სპეცოპერაციის დღეს სუს-ში განაცხადეს, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს. მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თქვეს, რომ აქვთ ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან.

1 ოქტომბერს სტრასბურგის სასამართლომ მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

კომენტარები