ტაივანის არჩევნები

ტაივანის პრეზიდენტი არჩევნების წინ: მსოფლიო ჩვენ დემოკრატიას უყურებს

Tyrone Siu

"ტაივანი ჩინურად მოსაუბრე საზოგადოებებს შორის მსოფლიოში ერთადერთი დემოკრატიული ქვეყანაა... მთელი მსოფლიო გვიყურებს რა არჩევანს გავაკეთებთ," - ტაივანის პრეზიდენტმა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე განაცხადა.

ცაი ინგ-ვენმა თქვა, რომ მისი მხარდაჭერის შემთხვევაში თავისუფლებასა და დემოკრატიას აირჩევდნენ - "რაც ყველაზე მთავარია, ეს აჩვენებს ჩვენ მისწრაფებას - დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და სუვერენიტეტი".

ოპოზიციიდან ცაი ინგ-ვენის მთავარი ოპონენტი გომინდანის პარტიიდან ხან ქოუიუა. მას პეკინთან ახლო კავშირის გაბმა სურს, რადგან მიიჩვევს, რომ ტაივანის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად ეს ერთადერთი გზაა. ქოუიუ სულ რამდენიმე კვირის წინ ერთიანი ჩინეთის აღიარების პოლიტიკას დაუბრუნდა. გომინდანის მთავრობა ერთ დროს ჩინეთს მართავდა, თუმცა კომუნისტების გამარჯვების შემდეგ ჩინეთის მთავრობა ტაივანში გაიქცა.

"დაუჭირეთ მხარი ხან ქოუიუს, რომლის ხედვაა უსაფრთხო ტაივანი, გამდრებული ხალხი, სრუტეშორისი მშვიდობა," - თქვა ქოუიუს კამპანიის გენერალურმა მდივანმა.

საზოგადოებრივ აზრთა გამოკითხვებში ცაი ინ-ვენი ლიდერობს და ის წინ უსწრებს მის ოპონენტს, ხან ქოუიუს.

ტაივანში არჩევნები კუნძულზე პეკინის გაზრდილი წნეხისა და ჰონგ-კონგში პროდემოკრატიული, პეკინის გავლენის საწინააღმდეგო აქციების პარალელურად იმართება.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პეკინმა კუნძულზე წნეხი კიდევ უფრო გაზარდა. დეკემბრის ბოლოს ტაივანის სრუტეში ჩინეთის საბრძოლო თვითმფრინავების ხომალდი შენიშნეს. ეს ნაბიჯი ტაივანში ჩინეთს კუნთების თამაშით ტაივანელი ამომრჩევლის დაშინებას აღიქვეს. ასევე რამდენიმე კვირის წინ ჩინეთმა ტაივანის სრუტეში საჰაერო რაკეტების ხომალდი განათავსა.​

დემოკრატიულ ტაივანში ხმაურიანი და მრავალფეროვანი საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, ამისგან განსხვავებით კომუნისტურ ჩინეთში არჩევნები არ არსებობს.

ჩინეთში ტაივანს მის განუყოფელ ნაწილად და ერთერთ პროვინციად აღიქვამენ. ტაივანის საარჩევნო კამპანიის პარალელურად ჩინეთი ტაივანთან მშვიდობიან გაერთიანებაზე უსვამს ხაზს. ჩინეთი ტაივანს მის ერთერთ პროვინციად მიიჩნევს. 

ჩინეთი შიშობს, რომ ცაის ხელახალი გაპრეზიდენტების შემთხვვევაში მისი დემოკრატიულ პროგრესული პარტია ტაივანი დამოუკიდებლობას გამოაცხადებს. ტაივანის დამოუკიდებლობის გამოცხადება ოფიციალური პეკინისთვის წითელი ხაზია.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 2005 წელს მიიღეს კანონი, რომლის თანახმად ძალას გამოიყენებდნენ თუ ტაივანი დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა.

ჩინეთის სახალო რესპუბლიკა უკვე დიდი ხანია ტაივანს ჰონგ-კონგისა და მაკაუს მსგავს "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" პირობით სრულ გაერთიანებას სთავაზობს. ტაივანში ეს მოდელი არასდროს ყოფილა პოპულარული, ჰონგ-კონგის აქციების შემდეგ ტაივანში ამ მოდელის არაეფექტურობა უკეთ დაინახეს.

მას შემდეგ, რაც 2016 წელს ინ-ვენი გახდა პრეზიდენტი, ტაივანმა 7 დიპლომატიური მოკავშირე დაკარგა. ტაივანს, იგივე ჩინეთის რესპუბლიკას დღეს მხოლოდ 14 ქვეყანა და ვატიკანი აღიარებს.

ტაივანში ხვალ, 11 იანვარს საპარალამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.

კომენტარები