აქცია ოკუპირებულ სოხუმში

EKHO KAVKAZA: ოკუპირებულ სოხუმში დე-ფაქტო პრეზიდენტის შენობას მომიტინგეები აკონტროლებენ

Ekho Kavkaza

Ekho Kavkaza-ს ცნობით, ოკუპირებულ სოხუმში აქციის მონაწილეებმა მარიონეტი პრეზიდენტის ე.წ ადმინისტრაციის შენობაში შესვლა შეძლეს და ამ დროისთვის შენობას სწორედ დემონსტრანტები აკონტროლებენ. 

გამოცემის ინფორმაციით, შენობის პირველ სართულზე თითქმის ყველა ფანჯარა დალეწილია, რამდენიმე ათეული ადამიანი კი შენობაში იმყოფება. 

ასობით ადამიანია ასევე შენობის წინ აგრძელებს პროტესტს. ისინი სკანდირებენ "ხაჯიმბა, გადადექი". Ekho Kavkaza-ს ინფორმაციით, ხაჯიმბა ე.წ ადმინისტრაციის შენობაში არ იმყოფება. 

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ აქციის ზოგიერთი მონაწილე მიმდინარე მოვლენების ვიდეოგადაღების წინააღმდეგია. აქციის მონაწილეები ელიან, რომ მათ მალე ოპოზიციის ლიდერები მიმართავენ სიტყვით. ეხო კავკაზა წერს, რომ დემონსტრანტებში გავრცელებულია ხმა, რომ ხაჯიმბა დე-ფაქტო თანამდებობიდან გადადგომას დათანხმდა. 

რუსულ გამოცემა Интерфакс-თან საუბარში ხაჯიმბამ უარყო, რომ შენობა დატოვა და უთხრა, რომ თავის სამუშაო ადგილზე იმყოფება და "არსად აპირებს დამალვას". მარიონეტი პრეზიდენტის პრესსამსახურში კი Meduza-ს უთხრეს, რომ ხაჯიმბა სახელმწიფო აგარაკზე იმყოფება. 

მარიონეტი პრეზიდენტის ე.წ ადმინისტრაცია პროტესტს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებს. ხაჯიმბამ დე-ფაქტო სამართალდამცველები გაძლიერებულ რეჟიმზე გადაიყვანა. 

"გამოუვალ სიტუაციაში მივიღებ ზომებს, რომ ქვეყანაში დავამყარო საგანგებო ვითარება,"- თქვა ხაჯიმბამ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ, რომელიც პროტესტის ფონზე გაიმართა. 

აქცია მარიონეტული პრეზიდენტის ე.წ ადმინისტრაციის შენობის წინ დღის პირველ საათზე დაიწყო. დემონსტრანტები 8 სექტემბერს ჩატარებული დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უკანონოდ ცნობას მოითხოვდნენ. 

აქციას წინ უძღოდა ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო უზენაეს სასამართლოში ოპოზიციური ე.წ საპრეზიდენტო კანდიდატის, ალხას კვიციანის, სარჩელის განხილვის დაწყება, რომელიც დე-ფაქტო არჩევნების შედეგების უკანონოდ ცნობას მოითხოვს. 

ე.წ პრეზიდენტის დე-ფაქტო არჩევნების მეორე ტური ოკუპირებულ აფხაზეთში 8 სექტემბერს ჩატარდა. ადგილობრივი მარიონეტული ცესკოს მიხედვით, ე.წ არჩევნებში რაულ ხაჯიმბამ 47.39% დააგროვა, კვიცინიამ კი - 46.17%. კვიცინიამ დე-ფაქტო არჩევნების შედეგები 11 სექტემბერს გაასაჩივრა. 

კომენტარები