აქცია ოკუპირებულ სოხუმში

ციხელაშვილი ოკუპირებულ სოხუმში მიმდინარე მოვლენებზე: მთავარი მოსახლეობის უსაფრთხოებაა

საქართველოს მთავრობა

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ოფიციალური თბილისისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დროს მოსახლეობის უსაფრთხოება დაცული იყოს.

„ცხადია, აფხაზეთში მიმდინარე ყველა პროცესი და განვითარება არის ჩვენი ყურადღების ცენტრში და, პირველ რიგში, ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ ის, რომ ნებისმიერი განვითარება იყოს მშვიდობიანიდა მოსახლეობის უსაფრთხოებას არ შეექმნას არანაირი რისკები“, - თქვა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.

დღეს, 10 იანვარს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა ოპოზიციას მოუწოდებს, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ.

განცხადებაში, რომელიც ხაჯიმბას ე.წ ადმინისტრაციამ საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პარლამენტის საპასუხოდ გააკეთა, ნათქვამია:

"პარლამენტის მიერ მიღებულმა სარჩელმა, მიუხედავად დასახული მიზნისა, თავიდან აიცილოს შემდგომი დესტაბილიზაცია, შეიძლება მხოლოდ გაართულოს სოციალურ-პოლიტიკური ვითარება და გამოიწვიოს შეუქცევადი შედეგები. ოპოზიციის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ისინი დაელოდებიან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას არჩევნების შედეგების შემდეგ და იმოქმედებენ მკაცრად იურიდიულ სფეროში. გააცნობიერეს სასამართლოში მათი პრეტენზიების უშედეგოობა, ოპოზიციამ რადიკალურ მეთოდებზე გადასვლა გადაწყვიტა. ეროვნული შეთანხმების მისაღწევად და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, პრეზიდენტი საჭიროდ თვლის ყველა საკითხის განხილვა მოლაპარაკების მაგიდასთან".

9 იანვარს, ე.წ ოპოზიციის პროტესტის ფონზე ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა ე.წ პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას მოუწოდა, თანამდებობა დატოვოს.

დე-ფაქტო პარლამენტის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში წერია, რომ შექმნილი რთული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარებისა და შემდგომი დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად, ე.წ ეროვნული ყრილობა მარიონეტ პრეზიდენტს მოუწოდებს, დატოვოს დაკავებული დე-ფაქტო თანამდებობა.

ამ გადაწყვეტილებას მხარი 19-მა მარიონეტმა დეპუტატმა დაუჭირა, 4 წინააღმდეგ წავიდა, 1-მა კი თავი შეიკავა.

მარიონეტი პრეზიდენტის ე.წ ადმინისტრაციის შენობის წინ შეკრებილ მომიტინგეებს ოპოზიციურმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ მიმართა და მოუწოდა, არ დაიშალონ. ბჟანიამ იმედი გამოთქვა, რომ ხაჯიმბა დე-ფაქტო პარლამენტის მოწოდებას დაეთანხმება.

ოკუპირებულ სოხუმში ე.წ ადმინისტრაციის შენობის წინ დღის 13:00 საათზე დაიწყეს. დემონსტრანტები 8 სექტემბერს ჩატარებული დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უკანონოდ ცნობას მოითხოვდნენ.

მოგვიანებით მათ შენობის პირველი სართულისთვის ფანჯრების დამსხვრევა და შენობაში შესვლა მოახერხეს. ბოლო რამდენიმე საათია ე.წ ადმინისტრაციის შენობას სწორედ დემონსტრანტები აკონტროლებენ. ისინი სკანდირებენ "ხაჯიმბა, გადადექი".

აქციას წინ უძღოდა ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო უზენაეს სასამართლოში ოპოზიციური ე.წ საპრეზიდენტო კანდიდატის, ალხას კვიციანის, სარჩელის განხილვის დაწყება, რომელიც დე-ფაქტო არჩევნების შედეგების უკანონოდ ცნობას მოითხოვს.

ე.წ პრეზიდენტის დე-ფაქტო არჩევნების მეორე ტური ოკუპირებულ აფხაზეთში 8 სექტემბერს ჩატარდა. ადგილობრივი მარიონეტული ცესკოს მიხედვით, ე.წ არჩევნებში რაულ ხაჯიმბამ 47.39% დააგროვა, კვიცინიამ კი - 46.17%. კვიცინიამ დე-ფაქტო არჩევნების შედეგები 11 სექტემბერს გაასაჩივრა.

კომენტარები