წყალმომარაგების პრობლემა

პრემიერი ზამთრის კურორტებზე უწყლობაზე: გვმართებდა უფრო მეტი პრევენციული მუშაობა

საქართველოს მთავრობა

"ჩვენ ეს პრობლემა უნდა მოგვეგვარებინა, ეს არ უნდა მომხდარიყო" - ასე გამოეხმაურა პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ბაკურიანსა და გუდაურში უწყლობის პრობლემას.

"გამომწვევი მიზეზები იყო როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ფაქტორები. ის ძალისხმევა, რომელსაც ბოლო წლებში საქართველოს მთავრობა ახორციელებს ქვეყანაში ტურისტების მოზიდვების თვალსაზრისით, არის უაღრესად გასაფრთხილებელი. სწორედ ამიტომ გვმართებდა უფრო მეტი პრევენციული მუშაობა და შესაბამისად, დღეს ჩვენ ზუსტად ვიცით გამომწვევი მიზეზები და გვესმის, რომ პრობლემა არის სისტემური. გვესმის, რომ შესაბამისი დასკვნებია გასაკეთებელი, რომელიც უკვე გაკეთდა და ჩვენ 2020 წელი უნდა დავუთმოთ იმას, რომ მომავალ წელს მსგავსი შემთხვევები არ განმეორდეს" - თქვა გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ზამთრის კურორტებზე უწყლობის პრობლემა ბოლომდე მოგვარებული არ არის, მაგრამ შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ.

"იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში, საათების განმავლობაში, ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება. თუმცა ამ დროისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ ბევრ შემთხვევაში აშკარად გამოჩნდა კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის პრობლემა, სამუშაო გვაქვს ერთობლივად. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ ასეთ მუშაობას დავიწყებთ ღიად, გამჭვირვალედ თანამშრომლობას იმ სასტუმროებთან და იმ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც წარმოდგენილები არიან მთის კურორტებზე" - თქვა გახარიამ.

კვირაზე მეტია, ბაკურიანსა და გუდაურში მოსახლეობისა და სასტუმროების ნაწილს წყალი არ მიეწოდება. ამის გამო, თანამდებობა დატოვა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა. ამ დროისთვის, ბაკურიანში პრობლემა აქვს სამ მსხვილ ობიექტს - „მგზავრების პანორამა“, "რუმსს", და "მგზავრების" რამდენიმე კურპუსს.

კომენტარები