წყალმომარაგების პრობლემა

ცქიტიშვილი უწყლობაზე: ინფრაქტრუქტურის ტემპი, ვერ მიჰყვება ბიზნესის განვითარების ტემპს

საქართველოს მთავრობა

ინფრაქტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის თქმით, გუდაურში წყალმომარაგება სრულად არის აღდგენილი და ყველა სასტუმროს მიეწოდება წყალი. რაც შეეხება ბაკურიანს - მინისტრის ინფორმაციით, დღეს დილიდან დაიწყო ეტაპობრივად სასტუმროების წყალმომარაგება. ცქიტიშვილი ვარაუდობს, რომ  დღის განმავლობაში სრულად აღდგება ბაკურიანის წყლით მომარაგება. 

რაც შეეხება პრობლემის გამომწვევ მიზეზებს, ინფრაქტრუქტურის მინისტრი ამბობს, რომ მიზეზი გარემო და უნალექო ამინდებია. ასევე აღნიშნავს, რომ პრობლმის გამომწვევ მიზეზებს შორის არის, აბონენტების მომატება. 

"ობიექტური მიზეზი არის სამწუხაროდ გარემო, რომელიც გვაქვს და უნალექო ამინდი, რამაც გამოიწვია იმ წყლის მარაგების მკვეთრი შემცირება რაც არის საჭირო სრულად , მთელი ამ გაზრდილი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. მხოლოდ ბაკურიანში 2019 წლის პირობებში ჩვენ დაგვემატა 800-მდე ახალი აბონენტი, საიდანაც 200-ზე მეტი იყო იურიდიული პირი, ანუ სასტუმრო. შესაბამისად, ეს რა თქმა უნდა, არის დამატებითი მოთხოვნა, დამატებითი ზეწოლა,  იმ წყალმომარაგებაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს. იგივე ვითარება გვაქვს გუდაურში, ამდენი იურიდიული პირი არ დაგვემატა, მაგრამ რამდენიმე ათასი მაცხოვრებელი დაემატა "რედკოს" დასახლებას და გარდა ამისა, "რედკოსაც" და ბევრ სხვა ბიზნესს აქვს გეგმები 2020 წლისთვისაც. შესაბამისად საჭიროა იმ ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც ამ მზარდ მოთხოვნებს უპასუხებს," - ამბობს ცქიტიშვილი. 

მინისტრის თქმითვე, ინფრაქტრუქტურის განვითარების ტემპი, სირთულისა და სპეციფიკურობის გამო, ვერ მიჰყვება ბიზნესის განვითარების ტემპს. 

"სამწუხაროდ ამ განვითარების ტემპი, იქედან გამომდინარე, რომ ბევრად უფრო სპეციფიკურია და რთულია, ბევრად უფრო მეტ დაფინანსებასა და პროცედურასთან არის დაკავშირებული, ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპი სამწუხაროდ ვერ მიჰყვება იმ ტემპს, რომელიც ჰქონდა ბიზნესს. ეს არის ის პრობლემა, რომელიც ჩვენ გვქონდა," - ამბობს მაია ცქიტიშვილი. 

კვირაზე მეტია საქართველოს მთის კურორტებზე წყალმომარაგების პრობლემაა. გუდაურისა და ბაკურიანის სასტუმროებისა და მოსახლეობის ნაწილს წყალი საერთოდ არ მიეწოდებოდა. 

კომენტარები