ირანი

ყასემ სოლეიმანი ირანში დაკრძალეს, დაკრძალვაზე ჭყლეტაში დაიღუპა სულ მცირე 56 ადამიანი

ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმიდან რამდენიმე საათში ირანში ყასემ სოლეიმანი მის მშობლიურ ქალაქ ქერმანში დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონია რამდენიმე დღე გრძელდებოდა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით ჭყლეტაში სულ მცირე 56 ადამიანი დაიღუპა და დაშავდა კიდევ 213.

დასავლური მედიის ინფორმაციით მიუხედავად იმისა, რომ დაკრძალვის ცერემონიაზე ქუჩაში გამოსული ათობით ათასი ადამიანიდან ნაწილი ყასემ სოლეიმანის მოკვლას და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პოლიტიკას აპროტესტებდა, ნაწილი ქუჩაში იძულებით გაიყვანეს. ამისათვის ირანის სახელმწიფომ მასობრივი მობილიზაციის კამპანია ჩაატარა.

მათ შორის ქუჩაში გამოსვლა მოსთხოვეს სტუდენტებს და სამხედრო და სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ პირებს და მათ ოჯახის წევრებს. სახელმწიფო ტელევიზია მუდმივად მოუწოდებდა მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისაკენ. სხვადასხვა სოფლებიდან და ქალაქებიდან დაკრძალვაზე ჩასასვლელად მოსახლეობას უფასოდ ემსახურებოდა ავტობუსები და მატარებლები.

ირანის ისლამური რევოლუციის ყუდსის დანაყოფის მეთაური, ყასემ საოლეიმანი, ბაღდადის აეროპორტთან ახლოს 3 იანვრის დილით აშშ-ის სარეკეტო შეტევის შედეგად მოკლეს.

ერაყში მდებარე ორ ამერიკულ ბაზაზე შეტევა ირანიდან 8 იანვარს გვიან ღამით განხორციელდა. ირანის რევოლუციური გვარდიის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ თავდასხმას "80 ამერიკელი ტერორისტი" ემსხვერპლა. ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ ვაშინგტონი არ ადასტურებს. პენტაგონს ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

კომენტარები