აშშ-ირანის დაპირისპირება

ტრამპი ირანს აფრთხილებს, რომ თავდასხმას მსოფლიოში საუკეთესო სამხედრო აღჭურვილობით უპასუხებენ

დონალდ ტრამპი
CNN

"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ორი ტრილიონი დოლარი დახარჯა სამხედრო აღჭურვილობაზე. ყველაზე დიდი და აქამდე მსოფლიოში საუკეთესო ვართ! ირანი თუ ამერიკულ ბაზას ან ნებისმიერ ამერიკელს დაესხმება თავს, ამ ახალთახალი და მშვენიერი აღჭურვილობის ნაწილს მათკენ მივმართავთ...ყოყმანის გარეშე!"- წერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი facebook-ზე ირანიდან წამოსული მუქარების საპასუხოდ. 

მანამდე ტრამპმა თქვა, რომ ირანის მხრიდან ნებისმიერი შეტევის შემთხვევაში, აშშ-მა მიზანში ამოიღო ირანისთვის მნიშვნელოვანი 52 ობიექტი, რომლებიც სწრაფად განადგურდება. 

3 იანვარს ბაღდადში აშშ-ის სარეკეტო თავდასხმისას ყველაზე გავლენიანი ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკვდა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ირანის ყველა სამხედრო აქტივობის უკან სწორედ სოლეიმანი იდგა. ირანის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ხამინეი სოლემანის მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს სასტიკი შურისძიებით დაემუქრა. მსგავსი განცხადებები გააკეთეს, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა.

რა უსწრებდა წინ სოლეიმანის ლიკვიდაციას?

ერაყში მიმდინარე პროტესტმა მალევე ანტისამთავრობოსთან ერთად, ანტი-ირანული ხასიათიც მიიღო. სოლეიმანისა და ირანის გავლენას ერაყში ფუნდამენტური საფრთხე შეექმნა. როგორც ჩანს,ერაყში შექმნილი რთული ვითარების ფონზე, სოლეიმანიმ აქტიური მოქმედება გადაწყვიტა. სწორედ მისი გააქტიურების შედეგი იყო 27 დეკემბერს ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე ამერიკულ ბაზაზე განხორციელებული შეტევაც, რომელსაც ერთი ამერიკელი კონტრაქტორი ემსხვერპლა. 

სოლეიმანი თავისი მარიონეტების გამოყენებით შეეცადა, პროტესტის მიმართულება შეეცვალა და უკმაყოფილო ხალხის მრისხანება ირანიდან ამერიკაზე გადაეტანა. ამის გამოვლინება იყო 31 დეკემბერს აშშ-ის საელჩოზე მიტანილი შტურმიც, რომელსაც სოლეიმანის მიერ კონტროლირებადი დაჯგუფებები მართავდნენ. 

საელჩოს შტურმს მალევე დონალდ ტრამპის რეაქცია მოჰყვა. საკუთარ ტვიტში აშშ-ის პრეზიდენტმა საელჩოზე მომხდარ თავდასხმაში ირანი პირდაპირ დაადანაშაულა.

"ადამიანურ მსხვერპლზე და დაზიანებულ საკუთრებაზე სრული პასუხისმგებლობა ირანს დაეკისრება. მათ ეს ძალიან ძვირი დაუჯდებათ. ეს არ არის გაფრთხილება, ეს მუქარაა", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.  

მანამდე, 2018 წელს მაიკ პომპეოს გადაწყვეტილებით, აშშ-მა ყუდსი (რომელსაც სოლეიმანი მეთაურობდა) ტერორისტულ ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. სოლეიმანი ერაყში დაახლოებით 600 ამერიკელი ჯარისკაცის სიკვდილზე იყო პასუხისმგებელი.

სოლეიმანის შესახებ უფრო ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები