აშშ-ირანის დაპირისპირება

ამერიკის კონგრესმა ირანის წინააღმეგ სანქციები გაამკაცრა

ამერიკის კონგრესმა მხარი დაუჭირა ირანისთვის ახალი, გამკაცრებულ სანქციების დანიშვნას. ახალი სანქციების სამიზნე ირანის ენერგო და ნავთობ სექტორია, ასევე ის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც ირანთან და ბირთვულ პროგრამასთან არის დაკავშირებული.

მკაცრი სანქციების მიღების მთავარი მიზეზი ეჭვია, რომ ირანი საიდუმლოდ ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობს. თეთრი სახლის წარმომადგენლების განცხადებით ეს ყველაზე მძიმე სანქციებია, რომელიც ოდესმე ირანისთვის დაუწესებიათ.

წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელის ილეანა როს-ლეტინენის განცხადებით, ახალი სანქციები საშუალებას იძლევა ტოტალური კონტროლი დამყარდეს პროცესებზე, რომლებიც აქამდე არასრულყოფილად კონტროლდებოდა.

კერძოდ, ახალი პაკეტი გულისხმობს სანქციებს იმ პირებსა და კომპანიებს უწესებს, რომლებიც თანამშრომლობენ ირანის ხელისუფლებასთან ურანის მოპოვების სფეროში, ასევე აწვდიან ტანკერებს ნავთობის გადაზიდვისთვის და ამ გადაზიდვების დაზღვევას უზრუნველყოფენ. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სანქციებს მათთვის, ვინც ირანის ნავთობისა და გაზის საწარმოებთან თანამშრომლობს.

”სანამ ირანი ბირთვულ იარაღზე მუშაობას აგრძელებს, ისრაელი განადგურებით იმუქრება, ტერორისტულ ჯგუფებს ჰამასსა და ჰეზბოლას ხელს უმართავს, ის მუდამ იზოლირებული და სანქციების ქვეშ იქნება” - განაცხადა დემოკრატების წარმომადგენელმა სტენი ჰოიერმა.

წინა კვირას ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ წინა სანქციებზე თავისი ეჭვები გამოთქვა და განაცხადა ”ყველა სანქცია და დიპლომატიური ნაბიჯი, რომელიც ირანის მისამართით აქამდე გადაიდგა ფუჭი იყო”. სწორედ მას შეხვდა რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატი მიტ რომნი, რომელმაც ირანის ბირთვულ პროექტს მიუღებელი უწოდა და ნეთანიაჰუს საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერა აღუთქვა.

კონგრესის მიერ მიღებული სანქციები პრეზიდენტ ობამას ხელმოწერის შემდეგ ძალაში შევა.

 

კომენტარები