ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია

ბაღდადში აშშ-ის საელჩოს მახლობლად სარაკეტო შეტევა განხორციელდა

შაბათს საღამოს ერაყის დედაქალაქში რამდენიმე რაკეტა აფეთქდა. Reuters-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა ბაღდადის ე.წ. მწვანე ზონაში აფეთქდა, სადაც აშშ-ის საელჩო მდებარეობს. გამოცემა ადგილობრივი პოლიციას ეყრდნობა. 

ერაყელი სამართალდამცავების ცნობით, შეტევის შედეგად არავინ დაშავებულა და რაკეტა აშშ-ის საელჩოს წინ მდებარე მოედანზე აფეთქდა. განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ტელეკომპანია Al-Arabia. ტელეარხის ინფორმაციით, შეტევა არა რაკეტებით, არამედ, ნაღმსატყროცნი ჭურვებით განხორციელდა.

Al-Arabia-ს ინფორმაციით, საელჩოს მიმდებარე ტერიტორიის გარდა, აფეთქების ხმა ორჯერ გაისმა ბაღდადის ჩრდილოეთით ბალადის რაიონში. სწორედ აქ მდებარეობს სამხედრო აეროდრომი, რომელსაც ამერიკელი სამხედროები იყენებენ. Reuters-ის ცნობით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო Al-Arabia-ის ცნობით შეტევის შედეგადად დაშავებულია სამი ადამინია. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

ცოტა ხნით ადრე აფეთქების ხმები გაისმა ალ-დჟადირიას რაიონში, სადაც რამდენიმე ადმინისტრაციული შენობაა განლაგებული. არსებული ინფორმაციით შეტევის შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი. ჯერჯერობით უცნობია, საიდან განხორციელდა სარაკეტო შეტევა. 

დღის განმავლობაში ბაღდადი მრავალათასიანმა დემონსტრაციებმა მოიცვა. ქუჩაში გამოსული ერაყელები ყასემ სოლეიმანის მკვლელობას აპროტესტებდნენ. ირანელი გენერალი აშშ-ის სარაკეტო თავდასხმის დროს გუშინ, 3 იანვარს მოკლეს.

სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ, ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამინეი გენერლის მკვლელებს სასტიკი და დაუნდოებელი შურისძიებით დაემუქრა. გამწვავებული ვითარებისა და მოსალოდნელი წერტილოვანი დაპირისპირების ფონზე, აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3 500 ჯარისკაცს აგზავნის. 

დამატებითი სამხედრო კონტინგენტი ერაყში და ქუვეითში განლაგდება.

 

კომენტარები