თეირანი გეგმავს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში შეიტანოს საჩივარი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ. საუბარია ტრამპის ბრძანებაზე, რომლის შედეგადაც 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტთან ახლოს ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკლეს.
მოსალოდნელი საჩივრის შესახებ ირანის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარემ ებრაჰიმ რაისიმ ისაუბრა. "საჩივარი სასამართლოში შევა მანამ, სანამ ტრამპი ხელისუფლებაშია. ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყდება. ჩვენ არ მოვასვენებთ მას, ის [ტრამპი] საერთაშორისო ტრიბუნალზე უნდა წარსდგეს", — განაცხადა რაისიმ.
რაისის თქმით, საჩივრად თავდაპირველად გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში გაიგზავნება. მისი თქმით, საკითხზე ირანის უმაღლესი სასამართლო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან კოორდინაციაში იმუშავებს. რაისი ამბობს, რომ თეირანმა ტრამპს პასუხი უნდა აგებინოს სოლეიმანის მკვლელობისთვის.
ყველაზე გავლენიანი ირანელი გენერლის სახელით ცნობილი, ყასემ სოლეიმანი ამერიკული დრონების შეტევას 3 იანვარს შეეწირა. ყასემ სოლეიმანი ბოლო 20 წლის განმავლობაში ირანის ისლამური რევოლუციის ყველაზე ელიტურ ქვედანაყოფ "ყუდსს" მეთაურობდა.
საკითხის შესახებ გამართულ ბრიფინგზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ სწორედ სოლეიმანი იდგა ამერიკულ ბაზებზე და საელჩოზე მომხდარი თავდასხმის უკან. პომპეოს თქმით, სოლეიმანი კვლავაც გეგმავდა ტერორისტულ შეტევებს რეგიონში მყოფი ამერიკელების წინააღმდეგ.
უფრო მეტი ყასემ სოლეიმანის შესახებ გაიგეთ აქ.