ლაშა გოგია

ზუგდიდის ყოფილი მერი შაბათ-კვირას ციხიდან ვეღარ გამოვა

facebook

ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია შაბათ-კვირას ციხიდან ვეღარ გამოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ლაშა გოგიამ ვერ გამოავლინა ის ქცევა, რაც დანაშაულის გაცნობიერებას გულისხმობს და შესაბამისად, გარეთ გასვლის შეღავათი გაუუქმდა.

ზუგდიდის ყოფილი მერი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით 2018 წელს დააკავეს და დღემდე სასჯელს იხდის.

21 დეკემბერს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელშიც ლაშა გოგია ცოლთან ერთად ზუგდიდში ერთერთ რესტორანში იმყოფებოდა. ფოტო Facebook-ზე მისმა ცოლმა გამოაქვეყნა.

როგორც ტაბულას სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში უთხრეს, ყოფილი მერი და მისი ყოფილი მოადგილე, გია გულორდავა, რომელიც იმავე ბრალდებით დააკავეს, უქმე დღეებში ციხის დატოვების უფლებით სარგებლობდნენ.

როგორც უწყება 22 დეკემბერს ტაბულასთან საუბარსი განმარტავდა, N16 პენიტენციური დაწესებულება, სადაც ყოფილი მაღალჩინოსნები სასჯელს იხდიან, არის დაბალი რისკის დაწესებულება, სადაც კანონმდებლობის შესაბამისად ფუნქციონირებს პატიმრების გათავისუფლებისათვის მომზადების ნაწილი სადაც შეიძლება მოთავსდეს დაბალი ან საშუალო რისკის მსჯავრდებული, რომლის მიერ ფაქტობრივად მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 1 წელს.

კომენტარები