ლაშა გოგია

ზუგდიდის მერის საქმეზე ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას მეგობარი და დაცვის წევრი დააკავეს

ლაშა გოგია
smoge

ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას საქმეზე ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას მეგობარი და დაცვის წევრი დააკავეს. სწორედ კვირკვიას ესაუბრება ყოფილი მერი სავარაუდო ქრთამის აღებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბიზნესმენის მეგობარი ზაზა ხასაია ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

"მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებული საცხოვრებელი სახლების და მანქანების ჩხრეკის შედეგად, დაკავებულია მოქალაქე ზაზა ხ. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება", - აღნიშნავენ უწყებაში.

ზუგდიდის ყოფილი მერი სუს-ში გამოკითხვაზე გუშინ, 15 სექტემბერს იმყოფებოდა. მან ტერიოტორია თითქმის 9 საათის შემდეგ დატოვა და ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. კითხვას, რა ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას, გოგიამ მოკლედ უპასუხა:

"რაც საჭირო იყო".

მან ასევე აღნიშნა, რომ საქმესთან დაკავშირებით ორშაბათს, 17 სექტემბერს ისაუბრებს.

რამდენიმე დღის წინ რუსთავი 2-მა გაავრცელა ფარული აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია აპროტესტებს ზუგდიდის მერისა და ვიცე მერის მხრიდან დაპირების არ შესრულებას. ჩანაწერში ისმის, რომ ბიზნესმენმა ვიცემერ გულორდავას 10 ათასი დოლარი გადასცა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, გარიგების მიხედვით, უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი და რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს ავტოსადგური, გულუას პარკი და რკინიგზის სადგური დაბალ ფასად უნდა გადასცემოდა. კვირკვიას გაღიზიანება სწორედ იმან გამოიწვია, რომ გარიგების პირობები არ შესრულდა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ სრული ვიდეო ჩანაწერი აქვს "დაიცავი საქართველოს" წარმომადგენელ კახა მიქაიას. ის გუშინ, 15 სექტემბერს ასევე იმყოფებოდა სუს-ში გამოკითხვაზე და თქვა, რომ გამომძიებლებს ჩანაწერი გადასცა.

აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის ყოფილი მერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 11 სექტემბერს "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმეზეც გამოკითხესლაივპრესის ცნობით, ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ააიპ-ის საქმიანობის შესწავლა 16 აგვისტოს დაიწყო. 

12 სექტემბერს გოგიამ თანამდებობა დატოვა და ამის შესახებ ფეისბუქზე დაწერა, თუმცა მიზეზი არ დაუკონკრეტებია. თანამდებობა დატოვა მისმა მოადგილემ, გია გულორდავამაც.

მოგვიანებით გოგიას შესახებ განცხადება ქართულმა ოცნებამაც გაავრცელა. 

"ბოლო პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ, მათ შორის არჩეულ პირთა მიმართ გაჩნდა გარკვეული კითხვები დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით, რომელიც პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს. შესაბამისად, საქმეზე დაწყებული იყო გამოძიება. სწორედ ამ ვითარების გათვალისწინებით დატოვეს დაკავებული თანამდებობები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ და მისმა მოადგილემ გია გულორდავამ. გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს და შედეგებიდან გამომდინარე, მიღებული იქნება შესაბამისი კანონისმიერი გადაწყვეტილებები. "ქართულმა ოცნებამ" არაერთხელ, საქმით დაამტკიცა, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, ხელშეუხებელი პირები არ არსებობენ და ვერც იარსებებენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია", - აღნიშნავს პარტია. 

ზუგდიდის მერთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338 -ე მუხლით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ აგვისტოში სამეგრელოში გუბერნატორი შეიცვალა და ეს პოსტი ალექსანდრე მოწერელიამ დაიკავა. ის თანამდებობაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ წარადგინა და თქვა, რომ სამეგრელოს და ზუგდიდს მთავრობის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა და "არავინ მოითმენს იმას, რომ აქ არ იყვნენ ხუთოსნები".

"ამ რეგიონის განვითარებაზე კომპრომისის დაშვებას არავინ აპირებს, რაც ნიშნავს ერთ რამეს - ყველას მოეთხოვება ერთნაირად და აბსოლუტურად ყველას პასუხისმგებლობის ზომა იქნება ერთი და იგივე, სამართლიანობა კი ძირითადი კრიტერიუმი მთელს ამ პროცესში", - თქვა შს მინისტრმა. 

ამის შემდეგ კი ახალმა გუბერნატორმა მოწერელიამ აღნიშნა, რომ მას შეუძლია, მუნიციპალიტეტების საქმიანობა შეისწავლოს.

"როდესაც კომისია შევა, შეისწავლის სად რა დარღვევაა, იმის მიხედვით, გუბერნატორს შეუძლია შეაჩეროს საკრებულოების უფლებამოსილება", - განაცხადა მოწერელიამ

მაშინ შს მინისტრის და გუბერნატორის ეს განცხადებები არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დატუქსვად და ზეწოლად იქნა აღქმული. 

კომენტარები