ლაშა გოგია

ზუგდიდის ყოფილი მერი, რომელიც ქრთამის აღებისთვის იხდის სასჯელს, რესტორანში იმყოფებოდა

facebook

ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით 2018 წელს დააკავეს და დღემდე სასჯელს იხდის, გუშინ ზუგდიდში, ერთერთ რესტორანში იმყოფებოდა. 

ყოფილი მერის ფოტო, მისმა ცოლმა facebook-ზე გაავრცელა. 


ფოტო: facebook

ტაბულას სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში უთხრეს, რომ ყოფილი მერი და მისი ყოფილი მოადგილე, გია გულორდავა, რომელიც იმავე ბრალდებით დააკავეს, უქმე დღეებში ციხის დატოვების უფლებით სარგებლობენ. 

უწყების ინფორმაციით, N16 პენიტენციური დაწესებულება, სადაც ყოფილი მაღალჩინოსნები სასჯელს იხდიან, არის დაბალი რისკის დაწესებულება, სადაც კანონმდებლობის შესაბამისად ფუნქციონირებს პატიმრების გათავისუფლებისათვის მომზადების ნაწილი სადაც შეიძლება მოთავსდეს დაბალი ან საშუალო რისკის მსჯავრდებული, რომლის მიერ ფაქტობრივად მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 1 წელს.

"პატიმრობის კოდექსის 71-6 მუხლის თანახმად, გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით დასვენებისა და უქმე დღეებში შესაძლებელია გათავისუფლებისათვის მომზადების ნაწილში განთავსებულ მსჯავრდებულს მიეცეს პენიტენციური დაწესებულების დატოვების უფლება. პატიმრობის კოდექსში შესაბამისი ცვლილებები 2017 წლის ივნისში შევიდა და ამ ცვლილების ამოქმედების ვადად 2018 წლის 1 იანვარი განისაზღვრა"- აცხადებენ პენიტეციურ სამსახურში. 

მათივე ცნობით, ნორმის ამოქმედებიდან დღემდე 59-მა მსჯავრდებულმა ისარგებლა უქმე დღეებში პენიტენციური დაწესებულების დატოვების უფლებით. ამჟამად, აღნიშნული ნორმით სარგებლობს 10 მსჯავრდებული, მათ შორის ლაშა გოგია და გია გულორდავა. 

"სასჯელის მოხდის პერიოდში მოცემული მსჯავრდებულების მიმართ დისციპლინური სახდელი გამოყენებული არ ყოფილა და ისინი აკმაყოფილებენ სხვა კრიტერიუმებსაც, რაც ზემოთმოყვანილი უფლებით სარგებლობის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობით არის დადგენილი"- აღნიშნეს უწყებაში. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ლაშა გოგია და გია გულორდავა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით 1 ნოემბერს დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 21 500 აშშ დოლარი. სასამართლომ გოგია და გულორდავა დამნაშავედ ცნო და ორივე მათგანს 2019 წლის ივნისში, 2-წლიანი პატიმრობა და 4 წლიანი პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა. 

კომენტარები