ანთროპოლოგია

ვინ არიან მამები?

ვინ არიან მამები, რა როლი მიანიჭა მათ ევოლუციამ და როგორ შეცვლის ახალი ცოდნა ჩვენს წარმოდგენებს?

https://nannyoptions.ie/

სტატია თარგმნილია ონლაინ ჟურნალიდან aeon.co.

 

სტატიაში ავტორი ცდილობს, ევოლუციური თვალთახედვით განიხილოს ადამიანური მამობის არსი, მისი განსაკუთრებული როლი შვილების ცხოვრებაში და უნიკალური მახასიათებლები, რომლებითაც ჩვენი სახეობა სხვა ძუძუმწოვრებისგან განსხვავდება. 

ანა მაქინი წერს, რომ ანთროპოლოგები დროდადრო ცდილობენ იმის გარკვევას, რა განგვასხვავებს ჩვენ, ადამიანებს ჩვენი მონათესავე ძუძუმწოვრებისგან. მათი კვლევები ძირითადად ენას, იარაღების გამოყენებას, კრეატიულობასა და ჩვენს უნიკალურ გამომგონებლურ უნარებს უკავშირდება. მაქინი ამბობს, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად იქნებოდა ექსკლუზიურად ადამიანური სიის ნაწილი, ოღონდ ორი ათეული წლის წინ. რაც უფრო იზრდება ჩვენი ცოდნა ჩვენი მონათესავე ძუძუმწოვრების კოგნიტური და ქცევითი შესაძლებლობების შესახებ, გამყოფი ხაზი ჩვენსა და მათ შორის უფრო და უფრო ბუნდოვანდება, შესაბამისად, საკითხი უფრო მეტად უნარების კომპლექსურობისა და არა უბრალოდ ყოფნა-არყოფნის მარტივი ფორმით დაისმის. ავტორს მაგალითად მოჰყავს იარაღის გაკეთება-გამოყენების შემთხვევა: შიმპანზეებს შეუძლიათ, ინსტრუმენტები ერთმანეთისგან განარჩიონ და ბალახის ღეროები ანკესის მსგავსად გამოიყენონ ტერმიტების ბუდეებზე თავდასხმის დროს, თუმცა მათი გამომგონებლური უნარები საკმაოდ შეზღუდულია. სწორედ ამიტომ ვერ ვხედავთ შიმპანზეებში სწრაფ პროგრესს იარაღისა და ინსტრუმენტების გამოგონება-მოხმარების კუთხით, როგორც ეს ჩვენს შემთხვევაში მოხდა. 

ავტორი ამბობს, რომ გარდა ზემოთ ჩამოთვლილი უნარებისა, არსებობს კიდევ ერთი უნიკალური მახასიათებელი, რომელიც ადამიანს სხვა ძუძუმწოვრებისგან განარჩევს, თუმცა ეს დღემდე იშვიათად გამხდარა სამეცნიერო საუბრების შინაარსი. ეს მახასიათებელი იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი სახეობის გადარჩენისთვის, რომ იგი განპირობებულია ფართო, ურთიერთდაკავშირებული ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და ქცევით სისტემათა ქსელით, რომელიც უკანასკნელი ნახევარი მილიონი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა ევოლუციის შედეგად. ეს მახასიათებელი ადამიანური მამობაა, ხოლო იმის მიზეზი, რომ იგი ზემოთ აღწერილი უნარების განხილვისას თავისთავად არ გვახსენდება, ამ მნიშვნელოვანი ფიგურის მიმართ ჩვენს საზოგადოებაში ღრმად გავრცელებულ ინდიფერენტულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. 

ანთროპოლოგი წერს, რომ როცა 10 წლის წინ ამ საკითხის კვლევა დაიწყო, გადააწყდა ფართოდ დამკვიდრებულ სტერეოტიპს, თითქოს მამების წვლილი თავიანთი ბავშვების ცხოვრებაში და, ზოგადად, ჩვენს საზოგადოებაში, ძალიან მცირე იყო, ხოლო მათ მიერ გამოვლენილი ნებისმიერი მშობლური ინსტინქტი დასწავლის შედეგად და არა თანდაყოლილი მამობრივი უნარების გამოვლინებად მიიჩნეოდა.  “მედიაც მამების შესახებ ისტორიებში ყურადღებას ყოველთვის მათ ინდიფერენტულობაზე, მათი ანტისოციალური ქცევისა და ნარკოდამოკიდებულობისგან გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე ამახვილდებდა. გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ მამები თავიანთ შვილებთან, დედებისგან განსხვავებით, იმდენად ღრმა კავშირს ვერ ამყარებდნენ, რადგან მათი როლი ძირითადად მეორეული მშობლობით შემოიფარგლებოდა, რაც მათ ოჯახისგან დისტანცირებას უწყობდა ხელს” - წერს ავტორი. 

მეცნიერისთვის შოკის მომგვრელი იყო ასევე ლიტერატურაში არსებული ზედაპირულობა და განზოგადებული სტერეოტიპები, რომელთა მიღებაც, მისი თქმით, ორი ძირითადი მიზეზის გამო გაუჭირდა:

პირველი: ანა მაქინიმ კარიერა დაიწყო, როგორც პრიმატოლოგმა და, შესაბამისად, კარგად იცოდა, რომ პრიმატებში სქესობრივი აქტის შემდეგ მამების მიერ პარტნიორსა და შთამომავალზე ზრუნვა უკიდურესი გამონაკლისი გახლდათ. ამ გამონაკლისს მხოლოდ სამხრეთ აფრიკის მაიმუნების რამდენიმე სახეობა და ჩვენ, ადამიანები წარმოვადგენდით. ავტორის მტკიცებით, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ძუძუმწოვართა იმ 5%-ში შევდივართ, რომლებსაც მამობრივი ზრუნვა ახასიათებთ. 

“ევოლუციის ძუნწი ბუნების გათვალისწინებით, ადამიანური მამობა თავისი კომპლექსური ანატომიური, ნეირონული, ფსიქოლოგიური და ქცევითი მახასიათებლებით არც ერთ შემთხვევაში არ იარსებებდა, მამების როლი თავიანთი შვილების ცხოვრებასა და, შესაბამისად, ჩვენი სახეობის თვითგადარჩენაში არსებითად მნიშვნელოვანი რომ არ ყოფილიყო” - წერს მაქინი. 

მეორე: როგორც ანთროპოლოგი, რომელიც ჩვენი სახეობის შესასწავლად უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი სტრუქტურებსა და პრაქტიკებს წლების განმავლობაში იკვლევდა, გაოგნებული იყო, რამდენად ცოტა დროსა და ენერგიას უთმობდნენ ამ საკითხს მეცნიერული კვლევის ისტორიაში. ავტორის აზრით, ეთნოგრაფიები ყურადღებას ამახვილებდა ოჯახსა და მასში დედის როლზე, სათანადოდ იაზრებდა ბავშვის აღზრდის კოოპერატიულ ბუნებას, თუმცა მისი შესწავლის ობიექტი ძალიან იშვიათად ხდებოდა მამა. 

“როგორ შეგვეძლო, ჩვენი თავისთვის ადამიანის მკვლევრები გვეწოდებინა, როცა ჩვენი სახეობის შესახებ ცოდნაში ამხელა ხვრელი შეუმჩნეველი გვრჩებოდა?” -წერს ანთროპოლოგი. 

შედეგად, ნაწილობრივ მისი ბოლოდროინდელი მშობლობის გამოცდილებით წაქეზებულმა, დაიწყო კვლევა, რომელიც ორ ძირითად და ფართო შეკითხვაზე იყო დაფუძნებული: ვინ არის ადამიანი-მამა და რა როლი აქვს მას?

ავტორი ამტკიცებს, რომ მამის განსაკუთრებული როლის გასააზრებლად, პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ, რატომ მიანიჭა იგი ევოლუციამ ჩვენს სახეობას და არა სხვა ძუძუმწოვრებს. პასუხი ჩვენს უნიკალურ ანატომიასა და სიცოცხლის ისტორიაში შეგვიძლია ვიპოვოთ:  ყველა მშობელმა იცის, რომ ახალშობილი ბავშვები უკიდურესად დამოკიდებულნი არიან. ეს განპირობებულია ბიპედალიზმის (ორ ფეხზე გამართულად სიარულის უნარი) შედეგით - დავიწროვებული მენჯითა და უჩვეულოდ დიდი ზომის ტვინით, რომელიც 6-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე ჩვენი ზომის სხვა ძუძუმწოვრების შემთხვევაში. 

ეს ნიშნავს, რომ დედისა და ახალშობილის გადასარჩენად, შესაბამისად, ჩვენი სახეობის განგრძობითი არსებობის უზრუნველსაყოფად, ქალებს ევოლუციურად გამოუმუშავდათ შემცირებული ორსულობის პერიოდი, რაც ნაყოფის თავს მენჯის უსაფრთხოდ გამოვლის საშუალებას აძლევს. (ორსულობის პერიოდი რომ უფრო ხანგრძლივი ყოფილიყო, ნაყოფის თავის ზომა გაიზრდებოდა, რაც სახიფათოს გახდიდა მშობიარობას როგორც მისთვის, ისე დედისთვის). ამის შედეგი კი ის არის, რომ ახალშობილი ბავშვები იმაზე უფრო ადრე იბადებიან, ვიდრე მათი ტვინი ჩამოყალიბებას დაასრულებს. საინტერესოა, რომ მშობიარობის შემცირებულ დროს დაბადების შემდგომი ზრუნვის დროის გახანგრძლივება არ გამოუწვევია: ახალშობილისთვის ძუძუთი კვების მინიმალური დრო მნიშვნელოვნად არის შემცირებული და სამი-ოთხი თვით შემოიფარგლება, მაშინ, როცა შიმპანზეების შემთხვევაში ეს პერიოდი ხუთ წლამდე გრძელდება. საინტერესოა, რატომ ხდება ასე?

ავტორი ვარაუდობს, რომ სხვა შემთხვევაში მშობიარობათაშორისი ინტერვალი (ერთი მშობიარობიდან მეორემდე) გაცილებით უფრო ხანგრძლივი იქნებოდა. ადამიანის ტვინი კი იმდენად ბევრ ენერგიას მოიხმარს, რომ შედეგად მოსახლეობის არათუ გამრავლება, არამედ თაობათა ჩანაცვლებადობა გახდებოდა შეუძლებელი. ასე რომ, ევოლუციამ ჩვენი სახეობის ის წევრები შეარჩია, რომლებიც თავიანთ შვილებს სიცოცხლისთვის აუცილებელ რესურსებს მალევე მიაწოდებდნენ და შემდეგ ისევ შეძლებდნენ გამრავლებაზე კონცენტრირებას, რაც სახეობის გადარჩენის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა. 

მშობიარობისა და ძუძუთი კვების ხანგრძლივობაში ამ ცვლილებებმა თავის მხრივ გამოიწვია სრულიად ახალი საფეხურის გაჩენა სიცოცხლის ისტორიაში - სიყრმის პერიოდი და უნიკალურად ადამიანური მახასიათებლის - თოთო ბავშვის (todler) ფენომენი. 

სახეობათა უმრავლესობაში, მათ შორის პრიმატებში (ჩვენი გამოკლებით), სიცოცხლის სამი გამორჩეული საფეხური არსებობს: ახალშობილობა, მოზარდობა და სრულწლოვანება. ახალშობილობა დაბადებიდან ძუძუთი კვების დამთავრებამდე გრძელდება, მოზარდობა სექსუალურ მომწიფებამდე, სრულწლოვანება კი სიკვდილამდე. თუმცა ადამიანები ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენენ: ჩვენთან სიცოცხლის 5 საფეხური გამოიყოფა: ახალშობილობა, ბავშვობა, მოზარდობა (სექსუალურ სიმწიფემდე), ახალგაზრდობა (სექსუალური სიმწიფის შემდეგ- თინეიჯერობა)  და სრულწლოვანება. 

სხვა ძუძუმწოვრებში ბავშვობის პერიოდი ძუძუთი კვების დამთავრებიდან კვებით დამოუკიდებლობამდე გრძელდება. ადამიანებში კი ბავშვები მანამდე ამთავრებენ ძუძუთი კვებას, ვიდრე მათ საკვების დამოუკიდებლად მოპოვებისა და დამუშავების უნარი აქვთ. შედეგად, ძუძუთი კვების დამთავრების შემდეგ ბავშვებს ისევ სჭირდებათ მზრუნველი, ვინც მათ გამოკვებავს, ვიდრე საკვების მოპოვებას შეძლებენ, ანუ გახდებიან მოზარდები. 

შესაბამისად, ადამიანი-დედა შვილებსაც უფრო ადრე აჩენდა და მათ ძუძუთი კვებასაც უფრო ნაკლებ დროს უთმობდა. საკითხავია, ნიშნავდა თუ არა ეს მისთვის ენერგიის დაზოგვის ბრძოლაში გამარჯვებას? რადგანაც ლაქტაცია შემდგომი ჩასახვის პრევენციას განაპირობებდა, დამთავრდებოდა თუ არა ეს პერიოდი, ქალი ისევ დაორსულდებოდა და ძვირფასი ენერგიის ახალ ნაყოფზე განაწილება მოუწევდა. ცხადია, მას აღარ ექნებოდა დრო და ენერგია საკვების მოპოვების, დამუშავებისა და შვილების გამოკვებისთვის. 

ამ დროს კი მას აუცილებლად სჭირდებოდა დახმარება. როცა გადარჩენისთვის არსებითი ამგვარი გამოწვევა პირველად დადგა 800 000 წლის წინ, საქმეში დედის მდედრობითი სქესის ნათესავი ჩაერთო. იგი შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც დედა, ისე და, დეიდა, ბებია თუ სხვა მოზრდილი შვილი. 

საინტერესოა, რატომ არა მამა? 

ფაქტია, რომ ერთი სქესის ინდივიდებს შორის თანამშრომლობა უფრო ადრეულ ეტაპზე ვლინდება, ვიდრე განსხვავებული სქესის წარმომადგენლებს შორის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ განსხვავებული სქესის წარმომადგენელი მამაა. იმისთვის, რომ მამამ რომელიმე კონკრეტული პარტნიორისგან შეძენილ შვილზე იზრუნოს, მისთვის ეს სახეობრივი თვითგადარჩენის ინსტინქტს უნდა პასუხობდეს, სხვა შემთხვევაში იგი უარს არ იტყვის მრავალ სხვა პარტნიორთან ურთიერთობაზე, რაც თავისთავად ზრდის გენების გადარჩენის ალბათობას და შესაბამისად გამართლებულია თვითგადარჩენის ინსტინქტით. გამოდის, რომ ამ პერიოდში, სწორედ ქალები ითავსებდნენ მამის როლს, ეხმარებოდნენ ერთმანეთს და ზრუნავდნენ ახალშობილზე. 

თუმცა 500 000 წლის წინ, ჩვენი წინაპრების ტვინმა კიდევ ერთი დიდი ნახტომი გააკეთა და ზომაში საგრძნობლად გაიზარდა, რის შედეგადაც მხოლოდ ქალისთვის შეტოვებული ზრუნვა აღარ აღმოჩნდა საკმარისი. ახალი ტვინი გაცილებით უფრო მომთხოვნი გახდა და გაცილებით უფრო დიდი ენერგიის ხარჯვა დაიწყო, ვიდრე მანამდე. ახალშობილები, რაღა თქმა უნდა, ისევ საოცრად მოწყვლადნი იბადებოდნენ, ხოლო მათი ტვინის გამოსაკვებად საჭირო საჭმლის მოპოვება კიდევ უფრო რთული გახდა. შესაბამისად, დედას დასჭირდა, ნათესავი ქალების გარდა, სხვა ვინმესთვის ეთხოვა დახმარება, ვინმესთვის, ვინც მასავით გენეტიკურადაც შეიტანა წვლილი შვილის სიცოცხლეში. ასეთი კი ვინ იქნებოდა, თუ არა მამა. 

მამამ დაინახა, რომ მისი წვლილის გარეშე ბაშვის გადარჩენა და, შესაბამისად, გენეტიკური შთამომავლობის გაგრძელება რისკის ქვეშ იყო, ამან განაპირობა მისი ქცევის ცვლილება: მამამ ზრუნვა დაიწყო. იგი უკვე მოტივირებული გახდა, ერთ პარტნიორთან დარჩენილიყო, მასთან ერთად ეზრუნა შვილზე და, შესაბამისად, უარი ეთქვა სხვა პარტნიორებთან სექსუალური ტიპის ურთიერთობაზე, რაც უკვე თვითგადარჩენის ინსტინქტის მოთხოვნილებების გათვალისწინებით აღარ ჩანდა გონივრული. 

დროთა განმავლობაში, როცა ადამიანის სიცოცხლე უფრო კომპლექსური გახდა, სიცოცხლის ისტორიას კიდევ ერთი საფეხური დაემატა: ამ საფეხურს თინეიჯერობა შეიძლება დავარქვათ. ეს იყო აღმოჩენისა და სწავლის პერიოდი, რომელშიც მამა უშუალოდ და ძალიან დიდი მონდომებით ერთვებოდა. მას სწორედ ამ დროს შეეძლო, შვილისთვის ესწავლებინა თანამშრომლობის წესები, ნადირობის უნარები, იარაღების დამზადება-გამოყენება და მიეცა ზოგადი ცოდნა ლანდშაფტისა თუ მისი მკვიდრი ხალხის შესახებ.

დედებს, რომლებიც ისევ ახალი შვილების გაჩენაზე იყვნენ გადართული, ნაკლებად ჰქონდათ თავიანთ მოზარდ შვილებთან ფიზიკურად დიდ ხანს ყონის შესაძლებლობა, შესაბამისად, ვერც ბევრი რამის სწავლებას ახერხებდნენ, ამ გარემოებამ მამა მასწავლებლად აქცია. 

ავტორი ამბობს, რომ ეს დღესაც ასეა იმ მამების შემთხვევაში, რომლებსაც თვითონ და მისი კოლეგები იკვლევენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ყველა კულტურაში, მიუხედავად ეკონომიკური მოწყობისა, ძირითადად სწორედ მამები აძლევენ შვილებს კონკრეტულ გარემოში ცხოვრებისა და თვითგადარჩენისთვის საჭირო ცოდნასა და უნარებს. მაგალითად, კიპსიგების ტომში, კენიაში, მამები აზიარებენ თავიანთ შვილებს ჩაის მოყვანის პრაქტიკულსა და ეკონომიკურ ასპექტებს. 9-10 წლიდან ბიჭები ჩაის პლანტაციაში მიჰყავთ საჭირო უნარების გასავითარებლად. ამის გარდა, შესაძლოა უფრო მნიშვნელოგანი იყოს ის გარემოება, რომ ბავშვებს ამ დროს საშუალება ეძლევათ, დრო გაატარონ მხოლოდ კაცებისთვის დამახასიათებელ სოციალურ გარემოში, სადაც ისინი ურთიერთობების კომპლექსურ ასპექტებს აკვირდებიან, რაც მამების აზრით, თავიანთი შვილებისთვის ცხოვრებაში აუცილებელი მოლაპარაკებებისა და სხვა საჭირო უნარების განვითარებას უზრუნველყოფს.

კიპსიგების ტომისგან განსხვავებით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, აკას ტომში მამებს ორივე სქესის წარმომადგენლები, როგორც ბიჭები, ისე გოგონები დაჰყვებიან სანადიროდ. აკას ტომის მამაკაცები ამ მხრივ, ალბათ, გამორჩეული მამები არიან, რადგან ისინი თავიანთი დროის ნახევარზე მეტს შვილებთან უშუალო ფიზიკურ კონტაქტში ატარებდნენ. ეს კი აადვილებს რთული სამონადირეო უნარების გადაცემას და, ამავდროულად, ამზადებს ბავშვებს (ბიჭებს) სამომავლოდ პოტენციური მამობისთვის. 

მამები შვილებისთვის განათლების მნიშვნელოვანი წყარო არიან მათ შორის დასავლეთშიც. წიგნში “მამის ცხოვრება”(2018) ავტორი ამტკიცებს, რომ მამები თავიანთ როლებს უამრავი სხვადასხვა ფორმით წარმართავენ გარემოსა და კულტურის შესაბამისად, თუმცა მაინც ყველა მათგანი ასრულებს ზემოთ აღწერილ მასწავლებლის როლს და თუ დასავლელი მამები მაინცდამაინც არ ირჯებიან პრაქტიკული ცხოვრების უნარების სასწავლებლად, ისინი ბავშვებს აუცილებლად გადასცემენ ბევრ სოციალურ უნარს, რაც თანამედროვე მსოფლიოში არსებითად მნიშვნელოვანია. 

“მამების როლი იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისა და შესაბამისად, სახეობის, გადასარჩენად, რომ, დედების მსგავსად,  მათი ფუნქციებიც ევოლუციურად განისაზღვრა და მას ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური თუ ქცევითი მახასიათებლები განუყოფლად მიენიჭა. დღეს უკვე არასწორია იმის თქმა, რომ დედობა ინსტინქტურია, ხოლო მამობა დასწავლილი” - აღნიშნავს ავტორი.

ჰორმონალური თუ ტვინში მიმდინარე ცვლილებები, რომლებიც ახალნამშობიარები დედების შემთხვევაში დაფიქსირდა, მამებთანაც ზუსტად გამეორდა. ტესტოსტერონის გარდაუვალი შემცირება და ოქსიტოცინის დონის ცვლილება მამაკაცს ამზადებს, გახდეს გულისხმიერი მამა, რომელიც თავისი შვილის საჭიროებებზეა მორგებული და თითქმის არ აქვს ახალი პარტნიორის ძიების მოტივაცია. მამაკაცის ორგანიზმში ტესტოსტერონის შემცირებასთან ერთად დოპამინის რაოდენობა იზრდება, ეს ნიშნავს, რომ მამა ამ სახით საოცარ ნეიროქიმიურ ჯილდოს იღებს შვილთან ინტერაქციის ყოველ ჯერზე. მისი ტვინის სტრუქტურა იცვლება იმ უბნებში, რომლებიც მშობლობის სხვადასხვა უნარზეა პასუხისმგებელი. 

მნიშვნელოვანია, რომ მამის ტვინში მიმდინარე ცვლილებები დედისგან განსხვავდება. ევოლუცია ზედმეტობასა და სიჭარბეს არ სწყალობს და შესაბამისად არ ქმნის როლებს, რომლებსაც ერთმანეთის დუბლირება შეუძლიათ. ამ შემთხვევაშიც მამის როლი კი არ ანაცვლებს, არამედ სრულყოფს დედის როლს. 

2012 წლის კვლევაში ებრაელმა ფსიქოლოგმა, Shir Atzil-მა აღმოაჩინა დედებისა და მამების ტვინში მიმდინარე პროცესებს შორის მსგავსებები და განსხვავებები, როცა ისინი შვილების ვიდეოებს უყურებდნენ. კვლევაში გამოჩნდა, რომ ორივე მშობელი ერთნაირი შინაგანი მონდომებით ცდილობდა, ამოეცნოთ ბავშვების ემოციური თუ პრაქტიკული საჭიროებები. ორივე მშობლისთვის აქტიურობის პიკი ტვინის იმ უბნებში აღმოჩნდა, რომლებიც ემპათიაზე არიან პასუხისმგებელნი. თუმცა ამის გარდა დედასა და მამას შორის განსხვავებები მაინც საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. 

დედის ტვინში აქტიურობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ტვინის ყველაზე ძველ, ცენტრალურ ლიმბურ ნაწილში, რომელიც სიმპატიის, მოწონებისა და რისკის აღმოჩენაზეა პასუხისმგებელი. მამის შემთხვევაში კი გააქტიურდა ნეოკორტექსი და ის უბნები, რომლებიც პასუხიმგებლები იყვნენ დაგეგმვაზე, პრობლემის მოგვარებასა და სოციალურ კოგნიციაზე. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მამის შემთხვევაში ლიმბური ნაწილი და დედის შემთხვევაში ნეოკორტექსი არ აქტიურდებოდა. აქ საუბარია იმაზე, რომ ტვინის სხვადასხვა უბანში დაფიქსირებული აქტიურობა სწორედ მშობლების ზემოთ აღწერილი, ევოლუციურად განსაზღვრული როლების მიხედვით განაწილდა. საინტერესოა, რომ მაშინაც კი, როცა ბავშვს ორი მამა ჰყავდა, ტვინის უბნებში ევოლუციური როლების გამოვლინება იმავენაირად მოხდა, როგორც დედისა და მამის შემთხვევაში. 

მამასა და შვილს შორის ასევე ევოლუციურად ჩამოყალიბდა განვითარების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ქცევა: ფიზიკური აქტივობის შემცველი თამაშები, ერთმანეთის დაჭერა, ხტომა, ხელში ატაცება, ჭიდაობა, იმიტირებული ბრძოლები (rough-and-tumble play), რასაც აუცილებლად მოჰყვება ხმამაღალი სიცილი და შეძახილები. ამგვარი აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია მამა-შვილს შორის კავშირის გასაღრმავებლად და ბავშვის განვითარებისთვის ორი მიზეზით: 

1. ამგვარი თამაშების მგზნებარე და ექსტრემალური ბუნება მამას თავის შვილთან კავშირის დამყარებაში საოცრად ეხმარება. ამგვარი ქცევა დროის თვალსაზრისითაც საკმაოდ მომგებიანია და განაპირობებს ისეთი ნეიროქიმიური ნივთიერებების გამოყოფას, რომლებიც ადამიანებს შორის ძლიერ კავშირს უწყობს ხელს. ეს კი ჩვენს თანამედროვე დაჩქარებულ ყოველდრიურობაში, სადაც მამების დიდი ნაწილი ბავშვზე მთავარი მზრუნველი არ არის, ძალიან მნიშვნელოვანია.  

2. ამგვარი თამაში, მისი რეციპროკული ბუნებისა და თანდაყოლილი რისკიანობის გათვალისწინებით, ბავშვებს ასწავლის ურთიერთობების უმთავრეს მახასიათებლებს გაცემისა და მიღების სახით, მათ უვითარებს იმ უნარებს, რომლებიც განსჯისა და რისკის სწორად შეფასებაში ეხმარებათ, შესაბამისად, ასეთ მცირე ასაკშიც კი მამები შვილებისთვის მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ცოდნის მიცემას ახერხებენ. 

საიდან ვიცით, რომ მამებსა და შვილებს ზემოთ აღწერილი თამაშები უფრო იზიდავთ, ვიდრე, მაგალითად, კარგი ჩახუტება და მოფერება? 

ეს ჰორმონალურმა ანალიზმა აჩვენა: როცა მამა-შვილი ამგვარ აქტივობაში იყო ჩაბმული, ოქსიტოცინის ყველაზე დიდი რაოდენობა (რაც სიამოვნების მაჩვენებელია) სწორედ ამ დროს გამოიყოფოდა. ხოლო დედა-შვილის შემთხვევაში ეს ერთმანეთთან ჩახუტებისა და მოფერების დროს გამოვლინდა. ასე რომ, ევოლუციამ მამებსა და დედებს ერთმენეთისგან განსხვავებული, უნიკალური როლები დაუდგინა, რომლებიც  ბავშვის განვითარებისთვის არსებითი მნიშვნელობისაა.  

გასაკვირი არ არის, რომ შვილების მიმართ დედისა და მამის დამოკიდებულებაც სხვადასხვაგვარად  განისაზღვრა ევოლუციის მიერ. დამოკიდებულება, რაც ამ შემთხვევაში მიჯაჭვულობას გულისხმობს, ის მდგომარეობაა, რომელიც ძალიან ახლო, ძლიერი ურთიერთობების დროს ყალიბდება შეყვარებულებს, მშობლებსა და შვილებს თუ ახლო მეგობრებს შორის. ჩამოთვლილთაგან ნებისმიერ დროს ეს მიჯაჭვულობა ერთგვარი დაცულობის შეგრძნებას ანიჭებს ბავშვს, რომელმაც იცის, რომ ყოველთვის შეუძლია, მიუბრუნდეს მიჯაჭვულობის ობიექტს და მასთან კომფორტულად იგრძნოს თავი. დედა-შვილის მიჯაჭვულობა თავისი ბუნებით ექსკლუზიურია და გარე სამყაროზე ნაკლებად დარდობს, იგი ორმხრივ სიყვარულსა და ზრუნვაზე დგას. რაც შეეხება მამა-შვილის მიჯაჭვულობას, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც გარდაუვალია ზრუნვისა და სიყვარულის ელემენტები, მაგრამ მეცნიერის განმარტებით, მისი მთავარი მახასიათებელი მაინც გამოწვევაზეა დაფუძნებული.

ეს თვისებრივი განსხვავება მამებს უბიძგებს, თავიანთი შვილების მზერა გარე სამყაროსკენ მიმართონ, წაახალისონ ისინი ახალი ადამიანების გასაცნობად, ახალი ურთიერთობების დასამყარებლად და წარმატების მისაღწევად. 

ავტორი წერს, რომ 10 წლის წინანდელი წარმოდგენებისთვის დღევანდელი ამ ცოდნის შედარების მერე შემდეგი დასკვნის გაკეთება შეიძლება: ჩვენ უნდა შევცვალოთ მამებთან დაკავშირებული საუბრები. მართალია, რომ ზოგი მამა საერთოდ არ ზრუნავს შვილებზე, არ იღებს მათ აზრდაში მონაწილეობას, ისევე როგორც, ზოგიერთი დედა. თუმცა მამების უმრავლესობა სულაც არ არის ასეთი. ჩვენ უნდა გავაფართოვოთ ჩვენი ხედვა იმის შესახებ, ვინ გვგონია მამები და ამ ხედვაში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის მამა, რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ თავიანთი შვილების ემოციურ, ფიზიკურსა თუ ინტელექტუალურ განვითარებაში, მიუხედვადა იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. 

“ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის მამები, რომლებიც შვილებს ეთამაშებიან ფეხბურთს, ძილის წინ ზღაპრებს უკითხავენ და ღამეულ მონსტრებს უფრთხობენ. მამები, რომლებიც აყალიბებენ შვილების გონებრივ მდგრადობას და ამზადებენ მათ ურთულეს სოციალურ სამყაროში შესასვლელად”- აღნიშნავს მაქინი. 

მნიშვნელოვანია, რომ ეს ხალხი შეიძლება სულაც არ იყოს შვილებთან გენეტიკურად დაკავშირებული, თუმცა იმავე წარმატებით შეასრულოს მამის როლი. 

ანთროპოლოგი ასკვნის, რომ კაცები ევოლუციურად ჩამოყალიბდნენ მამებად, ისევე  როგორც, ქალები-დედებად. ისინი მშობლების გუნდის თანასწორი, თუმცა თვისებრივად განსხვავებული წევრები არიან და ალბათ დროა მათ როლის შესახებ წარმოდგენებმა ახალი სივრცე დაიკავოს ჩვენს ცნობიერებაში. 

 

ანა მაქინი ევოლუციური ანთროპოლოგი, მწერალი და ტელე-რადიო წამყვანია, მისი ნაშრომები იბეჭდება New Scientist -სა და The Guardian- ში, ასევე გამოცემული აქვს წიგნი: “მამის სიცოცხლე: თანამედროვე მამის ჩამოყალიბება”.

სტატია თარგმნა ლევან სიხარულიძემ

კომენტარები